ადვოკატი - „რუსთავი 2“- ის 9%-იანი წილის მფლობელი დღეს ნიკა გვარამიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დააყენებს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი ტელევიზიის პარტნიორთა კრებაზე აპირებს, პარტნიორების მიერ დღის წესრიგში შეტანილი საკითხის საპირისპიროდ მოითხოვოს გვარამიას ტელევიზიის დირექტორობიდან გადაყენების საკითხის დაყენება.
მისივე განცხადებით, პარტნიორებს სხდომაზე, რომელიც დღეს არის დაგეგმილი ორი საკითხი აქვთ დაყენებული.
„დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხი, ერთი გახლავთ აუდიტორებისთვის დასასმელი კითხვების ორგანიზება, მეორე საკითხი დაყენებულია მათი მხრიდან და შეეხება დირექტორის, ნიკა გვარამიას გაწეული საქმიანობის მოწონების დადასტურებას პარტნიორთა მხრიდან, ჩვენ ამ უკანასკნელს მხარს არ ვუჭერთ, არ მიგვაჩნია, რომ ნიკა გვარამიას მიერ განხორციელებული სადირექტორო საქმიანობა იმსახურებს პარტნიორთა მხრიდან მოწონებას. მეტიც მიგვაჩნია, რომ სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს და განსაკუთრებით ამ უკანასკნელ ხანს და პერიოდში განხორციელებულმა, ასე ვთქვათ რიგმა გამოსვლებმა და გამოთქმებმა ჟურნალისტების გამოიწვია კომპანიის ნდობისა და პატივისცემის დაკარგვა საზოგადოების თვალში, უარყოფითად აისახება მის რეიტინგზე, ეს რასაკვირველია, გავლენას ახდენს ჩვენი, როგორც პარტნიორების წილების ღირებულებაზე. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ უნდა დადგეს საკითხი მისი თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე და დარწმუნებული ვართ, რომ ყველანაირი ლოგიკით, წესით ამაში დომინანტმა პარტნიორებმაც უნდა დაგვიჭირონ მხარი. თუ არ დაგვიჭერენ მხარს, ჩვენ ამას განვიხილავთ, რომ ისინი ზუსტად ერთად მოქმედებენ ზიანის მიყენების მიზნით, ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რასაც დავაყენებ. რაც შეეხება აუდიტორებისთვის დასასმელი კითხვების ორგანიზებას, დღეისათვის ეს არ მოხერხდება, ვინაიდან, გარკვეული მასალები კომპანიის მხრიდან არ გადმოგვეცა. რაც შეეხება 2014 წლამდე გაწეული საქმიანობის ამსახველ ფინანსურ დოკუმენტაცის, ამაზე ამბობენ, რომ მათ ეს დოკუმენტაცია არა აქვთ, ხოლო 2014 წლის შემდგომ გაწეული საქმიანობის ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია ჯერ მხოლოდ ნაწილია მოწოდებული, ველოდებით მის დასრულებას. როდესაც დასრულდება, შემდეგ ცხადია, რომ მივიღებთ გადაწყვეტილებას როგორ ჩამოვაყალიბოთ პოზიცია აუდიტორებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ყაველაშილმა.
„რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელის ადვოკატი ფიქრობს, რომ არხის მიმართ მიზანმიმართულად ხორციელდება დისკრედიტაცია.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის გარკვეული ინტერესი, მთელი ეს რესურსი გადავიდეს და გადაიქაჩოს სხვა არხებზე, ამისთვის ხორციელდება ის, რაც ხორციელდება, ამ არხის დისკრედიტაცია მიმდინარეობს, მეწილეთა წილების ღირებულება მცირდება, არ ხდება საგადასახადო ვალდებულებების გადახდა, რაც რასაკვირველია, მძიმედ აწვება საბოლოო ჯამში კომპანიას და გამოიწვევს გაკოტრებას. ყველანაირად საზიანო მოქმედებები ხორციელდება სხვადასხვა, მაგალითად მათ შორის „ინტერმედიასთვის“ იმაზე მეტი არაგონივრული თანხების გადახდა, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული“, – განაცხადა ადვოკატმა.