რომან გოცირიძე - ნიკა გვარამიასთვის პატიმრობა სირცხვილი და ქვეყანაში არასასურველი მოვლენების დაწყების საფუძველი იქნება
რომან გოცირიძე - ნიკა გვარამიასთვის პატიმრობა სირცხვილი და ქვეყანაში არასასურველი მოვლენების დაწყების საფუძველი იქნება

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მოსაზრებით, ნიკა გვარამიასთვის წინასწარი პატიმრობის მისჯა ქვეყნის სირცხვილი და ქვეყანაში არასასურველი მოვლენების დაწყების საფუძველი იქნება.

ჟურნალისტებთან საუბარში რომან გოცირიძე ნიკა გვარამიასთვის ბრალი წარდგენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რასაც ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება სჩადიან, ეს პოლიტიკური ტერორია.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველა საზღვარი გადალახა და ის რეპრესიები გონიერების ფარგლებს გასცდა, რასაც მმართველი გუნდი სჩადის.

„გუშინ, გამოკითხვაზე „ტვ პირველის“ მესაკუთრე იყო დაბარებული. მთავარი სამიზნე არის „რუსთავი 2“ და „ტვ პირველი“. ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენა აბსურდული ბრალდებით ხდება. ამ ადამიანმა გაკოტრებული, დაყადაღებული ტელევიზია დღემდე მოიტანა და ახლა რაღაც ფინანსურ პრეტენზიებს უყენებენ. ვინც კი საქართველოში პოლიტიკურად წონადია ებრძვიან – ოქრუაშვილი დააკავეს, მელიას შინაპატიმრობა აქვს. ვინც თავისუფალ მედიასთან დაკავშირებულია, ხელისუფლების სამიზნეა. ხვალ შეიძლება, მათი სამიზნე „კავკასია“ გახდეს. ნიკა გვარამიას მიმართ წინასწარი პატიმრობის შეფარდება სასამართლო სისტემის საბოლოო დასამარება იქნებოდა. ვიცით, რომ გადაწყვეტილებას ღებულობს არა სასამართლო, არამედ ივანიშვილი. რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს სასამართლო. სასამართლო სისტემას მოვუწოდებ, დაფიქრდნენ, რადგან არც ერთი ხელისუფლება არ არის მუდმივი და მიღებული გადაწყვეტილებისთვის პასუხს სასტიკად აგებენ ხალხისა და მართლმსაჯულების წინაშე. ნიკა გვარამიას დაპატიმრება იქნება უდიდესი საერთაშორისო რეზონანსის მქონე მოვლენა, რაც პირდაპირი სასჯელია, რათა ოპოზიციური, სამართლიანი და დამოუკიდებელი ტელევიზია ამყოფა ხალხის სამსახურში. მისი განეიტრალება უნდათ და დამოკლეს მახვილივით, მუდამ დაჭერის შიშით საქმე აღძრეს, რათა ხელი შეუშალონ ახალი ტელევიზიის შექმნას. მისთვის წინასწარი პატიმრობის მისჯა იქნება ქვეყნის სირცხვილი და მეორე მხრივ, ქვეყანაში არასასურველი მოვლენების დაწყების საფუძველი. როცა ხელისუფლება აგონიაშია, მისი შეცვლა დემოკრატიული გზით ვერ ხდება. ხელისუფლება თავად ნუ გამოითხრის სამარეს. მისი ნაბიჯები არის აღვირახსნილი ტერორი, რასაც რაღაც ზღვრის შემდეგ ხალხი ვერ აიტანს“, – განაცხადა გოცირიძემ.

„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა, როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ნიკა გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

„ამ ეტაპზე დადგენილია, რომ კომპანიამ 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით (შპს „ინტერ მედია პლიუსს“ ამ ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა „რუსთავი 2“-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი) საკუთრებაში მიიღო ქ.თბილისში, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე 565 226 ლარის ღირებულების ორი საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ.  2017 წლის მარტში ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა „რუსთავის 2“-ის იმდროინდელ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა – საერთო ჯამში  602 521 ლარად“, – აცხადებენ პროკურატურაში.