პაატა სალია - იმ პერიოდში, როდესაც თანამშრომლებმა ხელფასები ვერ მიიღეს, გაცემულია საჩუქრად დიდი თანხები და ეს გაყინული ხელფასები დღესაც არ არის გადახდილი
პაატა სალია - იმ პერიოდში, როდესაც თანამშრომლებმა ხელფასები ვერ მიიღეს, გაცემულია საჩუქრად დიდი თანხები და ეს გაყინული ხელფასები დღესაც არ არის გადახდილი

იმ პერიოდში, როდესაც ხელფასები გაეყინათ თანამშრომლებს და ხელფასები ვერ მიიღეს, გაცემულია დიდი თანხები საჩუქრად და ეს გაყინული ხელფასები დღესაც არ არის გადახდილი, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, ამზადებს სარჩელს და როდესაც დაიწყება დავა, საზოგადოება ნახავს რა ციფრებზე და სარგებელზეა საუბარი.

„2016 წელს იქნა ბინები შეძენილი, რაღაც თანხების განაწილება მოხდა 2017-ში, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ სამოქალაქო სარჩელში. კომპანიის თანამშრომლებს მიღებული აქვს სარგებელი იმ პირისაგან, ვინც ღიად იმუქრება, რომ დაანგრევს კომპანიას, წაიყვანს თანამშრომლებს. ამავდროულად ვხედავთ დოკუმენტურად წლების განმავლობაში მიზანმიმართულად, ბრძოლის იარაღად ჰქონდათ „რუსთავი 2“, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს უნდა მიეგდოთ და გაეკოტრებინათ. აქეთკენ მიდიოდა ყველაფერი. სულ ერთი თვე გავიდა, რაც ტელეკომპანიაში მოვედით, ძალიან რთულია იზრუნო იმაზე, რომ თანამშრომელს ხელფასი არ დაუგვიანდეს. მესაკუთრისთვის ყველაზე მტკივნეული აღსაქმელად არის ის, რომ იმ პერიოდში, როდესაც ხელფასები გაეყინათ თანამშრომლებს და ხელფასები ვერ მიიღეს, არის გაცემული დიდი თანხები საჩუქრად და ეს გაყინული თანხები დღესაც არ არის გადახდილი, ამ დროს უნდა ვილაპარაკოთ დისკრიმინაციაზე. რაც შეეხება რამდენიმე ადამიანისთვის ხელფასის არ მიცემას, მე თითოეულ ამ ადამიანთან მქონდა საუბარი და თხოვნა, რომ გარკვეული საკითხები არის გასარკვევი. მე თუ დღეს მელაძესთან, ლაფერაშვილთან, გაბუნიასთან დავა დავიწყე თანხების მოთხოვნაზე, რა თქმა უნდა, მათ მიმართ არ მოხდება თანხების ანაზღაურება. მეორე მხრივ, ადამიანები, ვინც მუშაობდნენ არხზე და ვინც გამოიმუშავა ეს თანხები, ვისაც არ აქვს კონფლიქტი კომპანიასთან, ფინანსურ და მატერიალურ ნაწილში, ისინი აუცილებლად მიიღებენ, შეიძლება ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ამაზეც ვმუშაობთ და დამერწმუნებით, თითქმის ყოველ 15 რიცხვიდან მოყოლებული ადამიანები იღებენ ხელფასებს“, – განაცხადა პაატა სალიამ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა „რუსთავი 2“-ის გაჯანსაღებისთვის და კომპანიაში შიდა ომები საჭირო არ არის.

„გვინდა, კომპანია იყოს ერთ გუნდად შეკრული, ყველამ აკეთოს თავის საქმე და არ იყოს შიგნიდან მცდელობა, რომ სექტემბერში, ოქტომბერში, როცა იქნება ცხელი სატელევიზიო სეზონი, ამ არხიდან მოხდეს კადრების გადინება. ამასთან დაკავშირებითაც მიღებული გვაქვს კონკრეტული გადაწყვეტილებები. შესაბამისად, შევხვდებით თითოეულ ადამიანს, ვისაუბრებთ ხელშეკრულების ახალ პირობებზე და ეს არ იქნება იმაზე უარესი პირობები, ვიდრე იყო აქამდე“, – განაცხადა პაატა სალიამ.

დატოვე კომენტარი