ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება რამდენიმე მიზეზის გამო შეუძლებელია
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, რუსლან ჩერნოლუცკის ინფორმაციით, დღეს, კიევის დროით 18:00 საათისთვის პროკურატურისგან ოფიციალური უწყება მიიღო, რომ „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი ორშაბათს, 18 დეკემბერს დაკითხვაზეა დაბარებული.
მისი თქმით, რას გადაწყვეტს სააკაშვილი, მივა თუ არა პროკურატურაში, ამას კონსულტაციის შემდეგ გაარკვევენ.
„ჩვენ მიხეილთან ერთად ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ის დამალვას არ აპირებს, ამბობს, რომ კანონმორჩილია და თავს უკრაინის მოქალაქედ მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ მას მოქალაქეობა ჩამოართვეს. ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ისე, როგორც კანონი და სამართალდამცავი უწყება მოგვთხოვს“, – განაცხადა რუსლან ჩერნოლუცკიმ.
პირველი არხის შეკითხვაზე – შესაძლებელია თუ არა, ორშაბათს დაკითხვაზე მიხეილ სააკაშვილი კვლავ დააკავონ და მისი საქართველოში ექსტრადირება განხორციელდეს, როგორც ეს გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, ადვოკატმა განმარტა, რომ ლუცენკომ პოლიტიკური განცხადება გააკეთა, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება.
„ეს მისი პოლიტიკური განცხადებებია, საკანონმდებლო საფუძველი ამ განცხადებას არ გააჩნია, რადგან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება რამდენიმე მიზეზის გამო შეუძლებელია. მიხეილს ახლა აქვს იმ პირის სტატუსი, რომელიც უკრაინაში დამატებით დახმარებას ითხოვს შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით, ასევე, თავად სასამართლო პროცესები, რომლითაც მოქალაქეობის ჩამორთმევაზე საემიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილებას ვასაჩივრებთ, კრძალავს ამ პროცესის დასრულებამდე პირის ექსტრადირებას. გარდა ამისა, მას ახლა, სამწუხაროდ, აქვს ეჭვმიტანილის სტატუსი, რაც ასევე კრძალავს ექსტრადირების რეჟიმის გამოყენებას მის მიმართ. ამიტომ არსებობს საკმარისი კანონიერი საფუძველი, რომელიც კრძალავს სააკაშვილის ექსტრადირებას, მიუხედავად იმ განცხადებისა, რომელიც ორი დღის წინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. ხაზგასმით ვამბობ, საქართველოს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ექსტრადირების მოთხოვნაზე უარი ორჯერ უთხრა – 2014 და 2015 წლებში. აქ ყველაფერი გასაგებია, თუ უკრაინა მაინც გადაწყვეტს, გადადგას ასეთი უკანონო ნაბიჯი, ეს იქნება ნონსენსი, ყველა საერთაშორისო ვალდებულებისა და დაცვის კონვენციის დარღვევა“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, რუსლან ჩერნოლუცკი უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს კომენტარს პირველი არხის შეკითხვაზე საპასუხოდ გამოეხმაურა. როგორც ლუცენკომ სააკაშვილის სასამართლოდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, სააკაშვილმა უკრაინა საკუთარი ნებით უნდა დატოვოს, ან მოხდება მისი ექსტრადირება.