ხადას ხეობაში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მალხაზ კობაურს ბრალი ამ დრომდე არ წარდგენია.
მასთან ადვოკატი ალუდა ბუჩუკური რადენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ, ალუდა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
ადვოკატის თქმით, ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებული ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომლის გავრცელებისგანაც ჯერ თავს იკავებს.
„შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, შევათანხმე მასთან პოზიცია. მომხდართან დაკავშირებით ის გარკვეულ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე ფლობს ინფორმაციას. თუმცა მისი პოზიცია არის იმგვარი, რომ თავს იკავებს საჯაროდ ამ ინფორმაციის გავრცელებისგან. ის ბრალს არ აღიარებს, ერთადერთი ეს პოზიციაა ცალსახა, ის არცერთი პირის მკვლელობაში არ ცნობს თავს დამნაშავედ. აპირებს, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მით მიაწოდოს ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ამ საქმეზე აქვს.
შერაცხადობასთან დაკავშირებით მას ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებია, თუმცა ბრალდების მხარე ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს“, – განაცხადა ალუდა ბუჩუკურმა.
პროკურატურას 48 საათი აქვს ბრალის წარსადგენად. ვადა დღეს 18:00 საათზე იწურება. ამის შემდეგ, 24 საათის განმავლობაში სასმართლომ მალხაზ კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს.
ხადას ხეობაში საქართველოს და ამერიკის ორმაგი მოქალაქეები, სმიტების ოჯახი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. მოგვიანებით, ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. მათი 4 წლის შვილის ცხედარი კი, ჩანჩქერის მახლობლად დღეს აღმოაჩინეს. მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.