ადვოკატი - გავასაჯაროებთ კითხვებს, რომელიც ევროსასამართლოს აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მისამართით აქვს
არასამთავრობო ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე“ მუხლის იურისტის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, დღეს იმ კითხვებს გაასაჯაროებს, რომელიც ევროსასამართლოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მისამართით აქვს.
მუხთარლის ინტერესების დამცველის ინფორმაციით, ევროსასამართლოს კითხვები ძირითადად უკავშირდება, რამდენად იყო დაცული მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საქარველოში ადამიანის უფლებები.
„დღევანდელი ჩვენი პრესკონფერენცია თემა არის საქმე, რომელიც ევროსასამართლოში მიმდინარეობს. ჩვენმა ორგანიზაციამ წარვადგინეთ სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. ჩვენი ვარაუდით, 10-ზე მეტი მუხლია დარღვეული. ერთი წლის წინ 29 მაის ის გაუჩინარდა ქალაქის ცენტრიდან, შემდგომ აღმოჩნდა აზერბაიჯანის ციხეში. დღეს იხდის გამოგონილი ბრალდებით აზერბაიჯანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს. ევროსასამართლომ ექვსი კითხვა გაუგზავნა აზერბაიჯანს, ხოლო რვა კითხვა საქართველოს ხელისუფლებას. კითხვები მდგომარეობს იმაში, რა სახით იყო დაცული ადამიანის უფლებები ამ ფაქტების დროს. პრესკონფერენციაზე დეტალურად მიმოვიხილავთ კითხვებს, რომელიც დაესვა საქართველოს სახელმწიფოს”,- განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრალური უბნიდან გაუჩინარდა. აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის ბრალად ედება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საზღვარზე თანხის არადეკლარირებულად გადატანა, რისთვისაც მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.