ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი - აფგან მუხთარლის საქმეზე ევროსასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს კითხვებით მიმართა
ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი - აფგან მუხთარლის საქმეზე ევროსასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს კითხვებით მიმართა

საქართველოს სახელმწიფოს ევროსასამართლოს მხრიდან, აფგან მუხთარლის საქმეზე, დასმულ კითხვებზე საპასუხოდ, თითქმის ერთ თვიანი ვადა აქვს, – ამის შესახებ აფგან მუხთარლის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, 31 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ევროსასამართლოს რვა კითხვას პასუხი უნდა გასცეს.

„კითხვები ძირითადად ეხება აზერბაიჯანელი ჟურნალისტების გატაცების ფაქტს და სასამართლოს აინტერესებს, მოხდა თუ არა გატაცება, ასევე ჰქონდა თუ არა ადგილი, თავისუფლებისა და გამოხატვის უფლების დარღვევას, დაირღვა თუ არა სამართლებრივი საშუალებით სარგებლობის უფლება, ასევე მოხდა თუ არა ფაქტობრივი გაძევება ქვეყნიდან”, – აღნიშნა ადვოკატმა.

ადვოკატის განცხადებით, ევროსასამართლოს კითხვების ადრესატი ქართული მხარის გარდა, არის აზერბაიჯანიც, რომელსაც სასამართლომ ექვსი კითხვა  დაუსვა და საპასუხოდ იგივე ვადა განუსაზღვრა.

“საქართველოს რვ კითხვა, აზერბაიჯანს ექვსი კითხვა გაეგზავნა. ვფიქრობთ, რომ კითხვებზე პასუხი უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს სასამართლოს, რათა დაადგინოს ფაქტები და იმ დარღვევების არსებობა, რასაც ადგილი ჰქონდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ. სახელმწიფოებს პასუხის გასაცემად აქვთ ვადა 30 ივლისამდე. აღნიშნული პასუხების შემდეგ უკვე მოსარჩელე მხარეს მოგეცემა შესაძლებლობა, წარვადგინოთ წერილობითი კომენტარები სახელმწიფოს პასუხებთან დაკავშირებით. ძალიან კარგი ფაქტია, რომ საქმეზე სწრაფად დაიწყო კომუნიკაცია, საქმეს მინიჭებული აქვს პრიორიტეტი. იმედი გვაქვს, რომ ევროსასამართლოს მექანიზმი იქნება ის საშუალება, რითაც აღდგენილი იქნება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესები”, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ვერ გააბათილებს იმ კითხვებს, რასაც ევროსასამართლო სვამს და იმ აქტებს, რაზეც მუხთარლი დაობს.

2017 წლის 29 მაისს, აფგან მუხთარლის და მისი მეუღლის ლეილა მუსტაფაევას ინტერესებს ევროსასამართლოში „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტები არჩილ ჩოფიკაშვილი და ნიკოლოზ ლეგაშვილი იცავენ.

აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას საქმეს განიხილავს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლო საქმეს მინიჭებული აქვს პრიორიტეტი. ასევე მუხთარლის საქმეზე პარალელურად საქართველში მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი.