ადვოკატი – დევნილებმა იცოდნენ, რომ „დირსის“ შენობა ნაყიდი ჰქონდა ჯანდაცვის სამინისტროს, სწორედ ამიტომ შეიჭრნენ
დევნილების ადვოკატი თეიმურაზ მაისურაძე აცხადებს, რომ დევნილები იმ ბინებში შეიჭრნენ, რომლებზეც იცოდნენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ნაყიდი ჰქონდა.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, ამ ადამიანებს არ აქვთ სახლ-კარი და ისინი ქირას ვერ იხდიან.
„როგორ შეიძლება ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება ქულებით განსაზღვრო. ჭიდაობაა, თუ რა არის. ეს არის დამამცირებელი, დამაკნინებელი არასახელმწიფოებრივი, არასამართლებრივი და შეფასების უზნეო მეთოდი. სწორედ ქულები უნდა შეიცვალოს და შეფასდეს, რომ ყველას ეკუთვნის ბინა. ის ადამიანები, რომლებმაც რამდენჯერმე მიიღეს ბინა, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი არ გააჩნიათ. ადამიანი, რომელიც ნაქირავებშია და გამქირავებელმა პირადობა წაართვა, ასეთი ხალხია ამ შენობაში. ქირას ვერ უხდიან მეპატრონეებს, რა ქულაზეა ამ დროს ლაპარაკი. კერძო საკუთრებაში შეჭრას ნამდვილად აქვს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მაგრამ ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ ეს შენობა ნაყიდი ჰქონდა ჯანდაცვის სამინისტროს, სწორედ ამიტომ შეიჭრნენ“, – განაცხადა ადვოკატმა.