ადვოკატი აცხადებს, რომ აფგან მუხთარლის გამოკითხვა დღეს ვერ შედგა, რადგან თარგმნის პრობლემა იყო
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდა.
როგორც ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, აფგან მუხთარლის გამოკითხვა დღეს ვერ შედგა, რადგან თარგმნის პრობლემა იყო.
„როდესაც გამოკითხვაზე მივედით, დაგვხვდა თურქულენოვანი თარჯიმანი. დაახლოებით საათნახევარი დასჭირდათ დრო, რათა მოეწვიათ აზერბაიჯანულენოვანი თარჯიმანი, მაგრამ გამოკითხვის დაწყების შემდეგ, დაახლოებით ორი საათის შემდეგ გაირკვა, რომ თარგმნის დროს იყო გარკვეული ხარვეზები და ამის გამო ვეღარ დასრულდა გამოკითხვა. დღეს გახდა ჩვენთვის ცნობილი, გამოძიება აპირებს, რომ ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი და ყველა წინადადებაზე განვაცხადეთ თანხმობა. ხვალისათვის თუ იქნება უზრუნველყოფილი თარჯიმანი, მზად ვართ, გამოვცხადდეთ. აფგან მუხთარლი მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს. ამ ორი საათის განმავლობაში მიმდინარე გამოკითხვის შინაარსი გამოძიებას დაფიქსირებული აქვს, მაგრამ თარგმნის პრობლემების გამო, თავიდან მოხდება. რაიმე ახალი ახალი გამოძიებისგან ვერ გავიგე. საქმის მასალებს არ გავცნობივარ“, – განაცხადა ადვოკატმა.