ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ბექა ნაცვლიშვილის მიერ შრომის კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.
დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივას, რომელიც ზეგანაკვეთური შრომის, ღამის სამუშაოებისა და დასვენების დღეებში გაწეული შრომის ანაზღაურებას ითვალისწინებდა, დეპუტატების უმრავლესობამ მხარი იმ არგუმენტით არ დაუჭირა, რომ უკვე არსებობს დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ შემუშავებული ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომის კოდექსში შესატან ამ და სხვა ცვლილებებს ითვალისწინებს. უმრავლესობის დეპუტატების განცხადებით, ცვლილებები უკვე მორგებულია ბიუჯეტს და მთავრობასთან კონსულტაციებიც დასრულებულია.
მათივე თქმით, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირდება.
დიმიტრი ცქიტიშვილმა და უმრავლესობის დეპუტატებმა ბექა ნაცვლიშვილს მოუწოდეს, აღნიშნულ კანონპროექტში ჩაერთოს და საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული ცვლილებების განხორციელების საკითხიც დააყენოს.
ბექა ნაცვლიშვილის თქმით კი ცქიტიშვილის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში არის ისეთი საკითხები, რომლებსაც უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს, დაიწყება დოკუმენტის შესწორება და შესაბამისად, პროცესი ზედმეტად გაიწელება, ეს კი იმ ფონზე, რომ როდესაც დასაქმებულთა უფლებები ყოველდღიურად ირღვევა.