ადამიანის თვალის ერთმა ქსოვილმა SARS-CoV-2-ისადმი რეზისტენტულობა აჩვენა — #1tvმეცნიერება
მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის ცუდი ეფექტის კვალდაკვალ, მრავალ ჩვენგანს ერთნაირი კითხვები გვებადება. როგორ ვრცელდება ვირუსი? როგორ უნდა დავიცვა თავი ინფიცირებისგან?
სიმართლე კი ის გახლავთ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ, როგორ მოქმედებს COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი SARS-CoV-2. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ოფიციალური სახელმძღვანელოს მიხედვით, ვირუსის გავრცელების მთავარი გზაა ინფიცირებული ადამიანის პირიდან ან ცხვირიდან წამოსული რესპირატორული წვეთები ან პატარა ნაწილაკები, რომლებსაც სხვები შეისუნთქავენ.
თუმცა, ეს ვირუსის ცირკულირების მხოლოდ ერთი გზაა. იგივე ინფექციური წვეთები და ნაწილაკები შეიძლება დაეცეს რაიმე ზედაპირზე და შემდეგ სხვას შეხებით გადაეცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექცია თქვენთან შეიძლება მოხვდეს რაიმე ისეთთან შეხებით, რომელზეც ვირუსული ნაწილაკია, თუკი შემდეგ ამ ხელს პირზე, ცხვირზე ან თვალებზე მოისვამთ.
ამ ზოგად რჩევას მთელი მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემები გამუდმებით იმეორებენ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის ისეთი, რაც არ ვიცით თვალების გზით ორგანიზმში კორონავირუსის შეღწევის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიოლოგიურად შესაძლებელია.
თუმცა, როგორც ახალი მტკიცებულება მიუთითებს,თვალის სულ მცირე ზოგიერთი ნაწილი შეიძლება რეზისტენტული იყოს SARS-CoV-2-ისადმი მაშინ, როდესაც ის მგრძნობიარეა სხვა სახის ვირუსებისადმი.
ახალ კვლევაში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ რქოვანა — თვალის წინა ნაწილის გამჭვირვალე „გუმბათი“, რომელიც ირისს (თვალის ფერადი გარსი) და გუგას ფარავს, როგორც ჩანს, ექსპერიმენტებში რეზისტენტული აღმოჩნდა კორონავირუსის ინფექციისადმი; თუმცა, მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შედეგები ჯერ მხოლოდ პირველადია.
„ჩვენი აღმოჩენა არ ამტკიცებს, რომ ყველა რქოვანა რეზისტენტულია, მაგრამ ჩვენ მიერ შემოწმებული ყველა დონორის რქოვანა ახალი კორონავირუსისადმი რეზისტენტული იყო. მაინც შესაძლებელია, რომ უმრავლესი ადამიანის რქოვანა ვირუსს ზრდის საშუალებას აძლევდეს, მაგრამ ჩვენ მიერ შესწავლილმა არც ერთმა რქოვანამ SARS-CoV-2-ს ამის საშუალება არ მისცა.
ექსპერიმენტებში გამოიყენეს 25 ადამიანი დონორისა და თაგვების რქოვანის ქსოვილები; მკვლევრებმა თვალის ქსოვილზე მოახვედრეს სამი სხვადასხვა ვირუსი — SARS-CoV-2, ზიკა და უბრალო ჰერპესის ვირუსი (HSV-1).
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ადამიანის რქოვანას ქსოვილში (რომელიც ასევე შეიცავდა კონიუქტივის ქსოვილს, ანუ მემბრანას, რომელიც თვალის წინა მხარის დანარჩენ ნაწილს ფარავს), ჰერპესისა და ზიკას ვირუსებმა გამრავლება შეძლეს, მაგრამ SARS-CoV-2-მა ეს ვერ მოახერხა.
„ცნობილია, რომ რქოვანას და კონიუქტივას ახალი კორონავირუსისთვის საჭირო რეცეპტორები აქვთ, მაგრამ ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ რქოვანაში ვირუსი ვერ მრავლდება. ჩვენი მონაცემები მიუთითებს, რომ ახალ კორონავირუსს რქოვანაში შეღწევა არ შეუძლია“, — ამბობს კვლევის უფროსი ავტორი და ოფთალმოლოგი რაიენდრა აპტე.
მკვლევართა ჯგუფმა ჯერ ბოლომდე არ იცის, როგორ შეიძლება უწევდეს წინააღმდეგობას ადამიანის რქოვანა და კონიუქტივა SARS-CoV-2-ს. რქოვანაში HSV-1-ისა და ზიკას ვირუსების ზრდა შეზღუდა თვალში ვირუსების პოტენციურმა მოლეკულურმა ინჰიბიტორმა, სახელად ინტერფერონ ლამბდამ. თუმცა, ცილის ბლოკირებამ არ გამოავლინა SARS-CoV-2-ის გამრავლების უნარის ზრდა.
ამ ეტაპზე, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადამიანის რქოვანას რეზისტენტულობა კორონავირუსისადმი სავარაუდოდ რეგულირდება „სხვანაირი ანტივირუსული გზით“. კონკრეტულად რა გზით, ამის გარკვევას დამატებითი კვლევები სჭირდება.
სხვანაირად რომ ვთქვათ, სამედიცინო პერსონალისთვის თვალის დამცავების მოხსნა ჯერ ადრეა, რადგან ჯერ დაზუსტებით მაინც არ არის ცნობილი, რომ კორონავირუსს სხეულში თვალის გზით შეღწევა არ შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ რქოვანამ რეზისტენტულობა აჩვენა.
კვლევა ჟურნალ Cell Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია medicine.wustl.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.