ადამ კინზინგერი - რესპუბლიკელები და დემოკრატები ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ერთიანნი ვართ, როდესაც საქმე საქართველოს ეხება
კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი არის შესაძლებლობა, დაწესდეს სანქციები იმ ხალხის მიმართ, ვინც ჩართულია ოკუპაციაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა ბათუმში განუცხადა, სადაც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.
„ჩვენ ცოტა ხნის წინ დავამტკიცეთ საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს ჩემი ინიციატივა იყო. არსებობს დიდი შანსი, რომ მას სენატშიც დაუჭერენ მხარს და თეთრ სახლშიც. ძალიან გახარებულები ვართ. ეს აქტი ხაზს უსვამს რომ აშშ-ი არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას. ასევე, საქართველოსა და მისი ხალხის თავისუფლებას, თავად აირჩიონ მთავრობა და დაასრულონ ოკუპაცია. ეს არის შესაძლებლობა, დაწესდეს სანქციები იმ ხალხის მიმართ, ვინც ჩართულია ოკუპაციაში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს აქტი არის ორპარტიული – რესპუბლიკელები და დემოკრატები ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საქართველოს და სხვა საგარეო საკითხებს, ჩვენ ერთიანები ვართ“, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ოქტომბერში ერთხმად დაამტკიცა.
ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების მიმართულებით.