ადა მარშანია აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ვიდეოკადრების გავრცელების საკითხზე პარლამენტის გენდერულმა საბჭომ უნდა იმსჯელოს
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ადა მარშანია აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების საკითხზე საქართველოს პარლამენტში არსებულმა გენდერულმა საბჭომ უნდა იმსჯელოს.
დეპუტატი გეგმავს, საბჭოს ამ საკითხზე მიმართოს.
„ვფიქრობ, გენდერული საბჭო ტექნიკურად ვერ შევიკრიბეთ, თორემ ეს საკითხი სასწრაფო განხილვას საჭიროებს. გენდერულმა საბჭომ აუცილებლად თავისი სიტყვა უნდა თქვას და ოფიციალური განცხადება მიიღოს. ამ საკითხს გენდერული საბჭოს სხდომაზე თავად გავიტან. როგორც შევიტყვე, გუშინ ისევ გავრცელდა რაღაც უმსგავსო ვიდეოჩანაწერი. დღესვე, როგორც კი კომიტეტის სხდომას მოვრჩები, გენდერული საბჭოს თავმჯდომარეს, თამარ ჩუგოშვილს მივმართავ“, – აღნიშნა ადა მარშანიამ.
მისი თქმით, გენდერული საბჭო შესაძლოა, დღეს ან ხვალ შეიკრიბოს.
„პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ერთ-ერთი ბინძური და მძიმე ბერკეტია, რომ ადამიანზე ფსიქოლოგიური და მორალური ზეგავლენა მოახდინონ. მაგრამ ვიცი, რომ ეკა ბესელია ძალიან ძლიერი და მებრძოლი ადამიანია და ამგვარი ბინძური ხერხების გამოყენება შედეგს არ გამოიღებს“, – განაცხადა ადა მარშანიამ.