ხმაური იყო აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სადაც დირექტორის გადადგომის მოთხოვნით მეოთხე დღეა, კარავში შიმშილობს „მე მიყვარს ბათუმის“ წევრი ალექსანდრე მილორავა.
მოშიმშილემ კარავი ტელევიზიის შესასვლელთან გადაიტანა, რასაც თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. სიტუაცია სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი ის გახდა, რომ მათი განცხადებით, შენობაში შესვლა-გამოსვლის დროს შეფერხება ექმნებათ და მუშაობის საშუალება არ აქვთ.
ადგილზე იმყოფებოდა ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე. „ჩემთვის არავის მოუმართავს შეხვედრისთვის, მე საქმით ვარ დაკავებული და განსაკუთრებულ ყურადღებას მათ ვერ დავუთმობ“, – განაცხადა კოხრეიძემ.
მრჩეველთა საბჭოს წევრის, თამილა დოლიძის განცხადებით კი, აქცია პოლიტიზებულია.
„არც მრჩეველთა საბჭოსთვის მოუმართავს ოფიციალურად ვინმეს. ეს არის პოპულიზმი და წინასაარჩევნოდ ყურადღების მიქცევის მცდელობა“ , – განაცხადა თამილა დოლიძემ.