აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია „სოლიდარობა ზაზა სარალიძეს“ მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია „სოლიდარობა ზაზა სარალიძეს“ მიმდინარეობს.
აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები მართავენ.
„ეს არის სოლიდარობის აქცია, სოლიდარობას ვუცხადებთ ოჯახს, დიდი ტრაგედია გადაიტანეს და ამას ემატება ისიც, რომ გამოძიებამ უგულებელყო მათი უფლებები, რათა ვიღაც ჩინოვნიკს ხელი დააფაროს“, – განაცხადა უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გია აბულაძემ.
აქციაზე იმყოფებიან ორი წლის წინ ხელვაჩაურში დაღუპული 14 წლის ანრი გოგიტიძის ოჯახის წევრები, რომლებიც დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ.
სასამართლოს განაჩენით, გ.ბ. რომელსაც ბრალი ედებოდა არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის, ასევე არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, ცნობილი იქნა დამნაშავედ მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში, ხოლო სრულად გამართლდა არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში.
რაც შეეხება ბრალდებულ გ.ჯ. -ს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, გ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.
დაზარალებულთა ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე თავის ახლობლებთან ერთად, მთავარ პროკურატურასთან მივიდა, სადაც საპროტესტო აქციას მართავს.