აჭარის მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ "ოცნების ქალაქის" მცხოვრებლებისთვის საცხოვრებელი კორპუსები აშენდეს
აჭარის მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ "ოცნების ქალაქის" მცხოვრებლებისთვის საცხოვრებელი კორპუსები აშენდეს

აჭარის მთავრობაში არ გამორიცხავენ ვერსიას, ხელვაჩაურის ყოფილი სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე, ე.წ. ოცნების ქალაქის ბინადრებისთვის საცხოვრებელი კორპუსების აშენების თაობაზე. “ოცნების ქალაქში” დღეს გამართული აქციის მონაწილეებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ უპასუხა.

მისი განცხადებით, პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე ვერსიაზე მიდის მუშაობა, თუმცა ამ დროისთვის გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

“მთლიანად გუნდი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ყველანი ჩართული ვართ ამ პრობლემის გადასაჭრელად, განვიხილავთ ყველა ვარიანტს, ვმუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. უახლოეს პერიოდში გაცნობებთ, თუ რა ვერსიაზე შევჯერდებით, რათა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს “ოცნების ქალაქის” პრობლემა. მათ შორის განიხილება კორპუსების მშენებლობაც, მაგრამ ეს ბიზნესმენებთან მოლაპარაკების შედეგად უნდა გადაწყდეს და რაც მთავარია, არც ერთი ოჯახის მიმართ არ უნდა დაირღვეს სამართლიანობის პრინციპი”,- განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ.

რამაზ ჯინჭარაძის თქმით, მთავრობას ამჟამად რეგისტრირებული ჰყავს თვითნებურად შესახლებული 1500-ზე მეტი ოჯახი, თუმცა არაოფიციალური მონაცემებით მათი რიცხვი 2500-ს აჭარბებს.

“ოცნების ქალაქის” ბინადრებმა დღეს გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებისგან მათთვის საცხოვრებელი კორპუსების აშენება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა მიმართვა პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გაუგზავნეს.