ე.წ. ოცნების ქალაქში შესახლებულებს თორნიკე რიჟვაძემ ბინების მშენებლობის შესახებ აჭარის მთავრობის ინიციატივა გააცნო
ე.წ. ოცნების ქალაქში შესახლებულებს თორნიკე რიჟვაძემ ბინების მშენებლობის შესახებ აჭარის მთავრობის ინიციატივა გააცნო

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში თვითნებურად შესახლებულებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბინების მშენებლობის შესახებ აჭარის მთავრობის ინიციატივა გააცნო.

რიჟვაძის განცხადებით, ე.წ. ოცნების ქალაქში მშენებლობა თავისუფალ ტერიტორიაზე დაიწყება, დღესვე დაიწყება ასევე სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება.

„ემოციებს ვერ ვმალავ, თითქმის შვიდი წელი არაადამიანურ პირობებში ვიცხოვრეთ, ძალიან მადლობლები ვართ მთავრობის. პირადად ჩვენ გავაკონტროლებთ, რომ ამ ტერიტორიას უმიზეზოდ კიდევ არავინ შემოუერთდეს“, – ამბობს ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები მარინა ბერიძე.

ბინების გადაცემის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე უხელმძღვანელებს.

მისი განცხადებით, ოცნების ქალაქში მცხოვრებთა უმრავლესობა ბინებით დაკმაყოფილდება, მხოლოდ იმ კატეგორიის ოჯახებს მოუწევთ ტერიტორიის დატოვება, ვისაც ალტერნატიული საცხოვრებელი აქვს, თუმცა ტერიტორიაზე მაინც შესახლდა.

ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში ბინების მშენებლობის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.