აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 39 800 000 ლარით გაიზარდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 39 800 000 ლარით გაიზარდა და 454 000 000 ლარს მიაღწია.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ბიუჯეტი ძირითადად საშემოსავლო გადასახადების რაოდენობის მატების შედეგად გაიზარდა.
„აჭარის ბიუჯეტის შევსების ძირითადი წყაროა საშემოსავლო გადასახადები, მომავალი წლისთვის იგი 335 მილიონს გადააჭარბებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეგიონში იზრდება ეკონომიკა, იზრდება სამუშაო ადგილებისა და დასაქმებულთა რაოდენობა“, – განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.
მისივე თქმით, აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი.
„ყველა ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად იზრდება მხარჯავი სტრუქტურების ბიუჯეტი. მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხები ბათუმში ავარიულ სახლებში მცხოვრებთათვის საცხოვრებლების მშენებლობისთვის და ასევე ე.წ. ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობის მეორე ეტაპის დასაწყებად საჭირო თანხები“, – განაცხადა ფუტკარაძემ.