აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტი 328 მილიონ 474 ათასი ლარით განისაზღვრა.

აჭარის ფინანსთა მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის მიერ წარდგენილი მთავარი საფინანსო კანონის პროექტის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, ბიუჯეტი 10 მილიონით შემცირდა, თუმცა მინისტრის განცხადებით, ექვსი პროცენტით არის გაზრდილი შემოსულობების ნაწილი 2020 წელთან შედარებით.

„მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტებია ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება არსებული პანდემიიდან გამომდინარე, პარალელურად გაგრძელდება ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი“, – აცხადებს ჯაბა ფუტკარაძე.

2021 წლის ბიუჯეტის თანახმად, აჭარაში გაგრძელდება ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული, სოციალური პროექტი ისეთი, როგორიცაა გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ოცნების ქალაქის მეორე ეტაპის განხორციელება, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, (ჩაქვის ძალოსნობის ბაზა, ქობულეთის სპორტსკოლა და სხვა).

იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, რაც სოციალური პროექტების განხორციელებას და კოვიდთან ბრძოლას მოხმარდება.

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა კვლავ რჩება პრიორიტეტად, რისთვისაც ბიუჯეტი მილიონი ლარით გაიზარდა. ტურიზმის დეპარტამენტი კვლავ აგრძელებს კოვიდსასტუმროების მართვას.

მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებულია ფინანსური რესურსი (3 მლნ ლარი).

იზრდება განათლების ინფრასტრუქტურის დაფინანსება, სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია.

დატოვე კომენტარი