აჭარის 2020 წლის ბიუჯეტი 11 პროცენტით იზრდება
აჭარის 2020 წლის ბიუჯეტი 11 პროცენტით იზრდება

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტი 11 პროცენტით იზრდება და 290 მილიონ ლარს მიაღწევს. ამის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა კანონის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადეს.

„ეს იქნება აჭარის მოსახლეობის კეთილდღეობის ბიუჯეტი“, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ. მისივე განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით შემუშავდა და ბოლო თვეების განმავლობაში მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრების შემდეგ, სწორედ მათი ინტერესები აისახა საფინანსო კანონში.

აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის 63 პროცენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება. გათვალისწინებულია გზების, სკოლების, სპორტული დარბაზების მშენებლობა. ე.წ. ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობისთვის 13 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 18 პროცენტით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება. იზრდება ჯანდაცვის პროგრამების წილიც. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარის მოსახლეობას ცენტრალური დაფინანსების პარალელურად სხვა პროგრამებსაც დაუფინანსებს. 18 წლამდე მოზარდების ონკოლოგიური დაავადებების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის პაციენტს სამინისტრო 100-დან 220 ათასამდე ლარს გამოუყოფს. 100 ათასი ლარით დააფინანსებენ პაციენტს, რომელსაც ღვიძლის ტრანსპლანტაცია ესაჭიროება. ამასთან, მომავალ წელს 13 მილიონი იქნება გათვალისწინებული ხულო-ზარზმის გზის, რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვაზე. წელს პირველად, გოდერძის უღელტეხილზე იქნება ბუნებრივი აირი, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში 100 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯება წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობისთვის. ამასთან, აჭარის განათლების სამინისტრო 60 სტუდენტს დაუფინანსებს საზღვარგარეთ სწავლას. იგეგმება 11 ახალი სკოლის მშენებლობა და 23-ის რეაბილიტაცია. დაგეგმილია სპორტული კომპლექსის მშენებლობა ჩაქვში, სამუსიკო და სასპორტო სკოლების პედაგოგებს აჭარის ბიუჯეტიდან გაეზრდებათ ხელფასი.

ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად აჭარის უმაღლეს საბჭოს გადაეგზავნება, რომელმაც ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი საფინანსო კანონი წლის ბოლომდე ხმათა უმრავლესობით უნდა დაამტკიცოს.