აჭარაში მიმდინარე წელს წითელას ვირუსის 35-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
აჭარაში მხოლოდ იანვრის თვეში წითელას ვირუსის 35-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ პირველ არხს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით, შემთხვევების რიცხვი მნიშვნელოვნად გაზრდილია.
„მიმდინარე პერიოდში ჩვენს რეგიონში წითელას მიმართ აღინიშნება ეპიდდაძაბული სიტუაცია. შემთხვევები მომატებულია. თუკი ყოველწლიურად ერთეული შემთხვევა რეგისტრირდებოდა, სამი-ოთხი შემთხვევა, ახლა, მხოლოდ იანვრის თვეში 35-ზე მეტი დარეგისტრირდა. თუმცა, გადამდები დაავადებებისთვის დამახასიათებელია სამ-ხუთწლიანი ციკლურობა. ჩვენ ბოლო ეპიდაფეთქება 2013 წელს გვქონდა, როდესაც ჩვენს რეგიონში 196 შემთხვევა დაფიქსირდა“, – აღნიშნა ნიჟარაძემ.
მისივე ინფორმაციით, წელს შემთხვევების 24 პროცენტი ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში დაფიქსირდა, რაც ვაქცინაციამდელი ასაკია და ვირუსის კონტაქტური გზით გადაცემას უკავშირდება. წითელას ვაქცინაცია ერთი და ხუთი წლის ასაკში ტარდება.
შემთხვევების ნაწილი კი მოზრდილებში დაფიქსირდა, რომლებსაც, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, შესაბამის ასაკში იმუნიზაცია არ აქვთ ჩატარებული.
მისივე თქმით, წითელას პრევენციის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, ოჯახის ექიმებთან გადაამოწმონ ბავშვების ვაქცინაციის სტატუსი.
„ასევე, წითელათი დაავადებულთან კონტაქტში მყოფ ნებისმიერ პირს მოვუწოდებთ, დროულად მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას. წითელა 100 პროცენტით გადამდებიანობით ხასიათდება, ანუ აუცრელ ფენაში, პოპულაციაში ის პრაქტიკულად ყველა პირს მოიცავს და აავადებს. თავდაცვის ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა. წითელას კლინიკური სურათი ძალიან ჰგავს გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებების კლინიკურ ნიშნებს – იწყება ტემპერატურით, ყელის ტკივილით, ხველით, ცემინებით და სანამ სადიაგნოსტიკო გამონაყარი არ იჩენს თავს, ძალიან რთულია წითელას დიაგნოსტიკა. ამიტომ მოვუწოდებთ მოსახლეობას, მსგავსი ჩივილების გამოვლენისთანავე, დროულად მიმართონ თავიანთ ექიმებს და თუკი ჰქონდათ წითელათი დაავადებულთან კონტაქტი, აუცილებლად დაუდასტურონ ექიმს“, – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.