აბასთუმნის ობსერვატორიის მმართველი ორგანო სამეცნიერო საბჭო იქნება
აბასთუმნის ობსერვატორიის მმართველი ორგანო სამეცნიერო საბჭო იქნება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ადმინისტრაციას და მეცნიერ თანამშრომლებს შეხვდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ობსერვატორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც ყველა მეცნიერ თანამშრომელთან კომუნიკაციისა და შეთანხმების გზით მიმდინარეობს.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს პოლიტიკაა აბასთუმნის ობსერვატორიის, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო დაწესებულების, განვითარების ხელშეწყობა, ხარისხის ამაღლება და გლობალურ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების გაძლიერება.

ნუნუ მიცკევიჩის თქმით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება გაზრდის აბასთუმნის ობსერვატორიის ავტონომიურობის ხარისხს. სამინისტროს მისიაა, რეორგანიზაციის პროცესში ხელი შეუწყოს ობსერვატორიის მთავარი მმართველი ორგანოს – სამეცნიერო საბჭოს ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება უმაღლესი ლეგიტიმაციისა და ავტონომიის მქონე ორგანო და პასუხისმგებელი ობსერვატორიის შემდგომ განვითარებაზე.

მისი განმარტებით, სამეცნიერო საბჭო განსაზღვრავს აბასთუმნის ობსერვატორიის ნიშასა და როლს მსოფლიო მასშტაბით, რის საფუძველზეც მოხდება მისი ტექნიკური აღჭურვა, მოდერნიზაცია და განვითარება აკადემიური მიმართულებით. ასევე, საბჭო წარმართავს ყველა პროცესს, რომელიც აბასთუმნის ობსერვატორიის ინფრასტრუქტურული განვითარებისკენ იქნება მიმართული.

როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, დამტკიცებული საშტატო განრიგის საფუძველზე, პირველ ეტაპზე კონკურსები გამოცხადდება მთავარი მეცნიერ თანამშრომლების შესარჩევად. საკონკურსო კომისია კი,  დაკომპლექტდება მაღალი ნდობის მქონე პროფესიონალი მეცნიერებით, რომლებიც კონკურსის გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩატარებას უზრუნველყოფენ.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ აბასთუმნის ობსერვატორია, როგორც სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხელმისაწვდომი გახდება ყველა უმაღლესი სასწავლებლისთვის, სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, მეცნიერთა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე, უნივერსიტეტებს ექნებათ შესაძლებლობა, სასწავლო პროცესში გამოიყენონ ობსერვატორიის რესურსები.

შეხვედრის დასასრულ, ნუნუ მიცკევიჩმა ხაზი გაუსვა, რომ ობსერვატორიის განვითარება იქნება პრაქტიკის საუკეთესო მაგალითი, რომელსაც სხვა კვლევითი დაწესებულებებიც გაიზიარებენ.

ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ბაზაზე 80 წელზე მეტია, უწყვეტი მეცნიერული კვლევები და ასტრონომიული დაკვირვებები მიმდინარეობს.