მომზადდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, საჯარო განხილვის შემდეგ საბოლოო ვერსია პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება
მომზადდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, საჯარო განხილვის შემდეგ საბოლოო ვერსია პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი მოამზადა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, პროექტი, მათ შორის, დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნას გულისხმობს.

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დიდხნიანი მუშაობის შედეგად მოამზადა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნას, რათა სკოლამ აღზარდოს ღირსეული მოქალაქე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

განათლების სამინისტროს ცნობით, დოკუმენტი ეფუძნება მოსწავლეებში შემდეგი ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბებას:

ეროვნული იდენტობის შენარჩუნება; ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერება; სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ცოდნა; სახელმწიფოებრივი აზროვნება და პატრიოტიზმი; ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა; მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, ტოლერანტობა და სამართლიანობა; თანამედროვე სამყაროში დამოუკიდებლად ცხოვრება და გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღება.

ამასთან, როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ის დოკუმენტია, რომელიც შეთანხმებული და გაზიარებული უნდა იყოს ფართო საზოგადოებასთან, რათა სასკოლო საზოგადოება სრულად თანხმდებოდეს ამ მნიშვნელოვან პრინციპებზე.

„სწორედ ამ მიზნით, სამინისტრო დაიწყებს დოკუმენტის საჯარო განხილვას და შესაბამისი უკუკავშირების შემდეგ წარმოადგენს საბოლოო ვერსიას, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება. სწორედ ფართო საზოგადოების თანამონაწილეობით მიღებულ დოკუმენტს დაეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმა და ყველა საგნის სტანდარტი თუ სახელმძღვანელო, რათა ამ ჯაჭვმა საბოლოო, ზემოთ ჩამოთვლილ დიდ მიზნამდე მიგვიყვანოს. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი 2004 წელს დამტკიცდა და 20 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. ეს დოკუმენტი ზოგადი განათლების ერთგვარი კონსტიტუციაა“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

ამასთან, განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, პროექტი იქნება საჯარო და ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, საკუთარი რეკომენდაციები მიაწოდონ განათლების სამინისტროს.

„ბოლო თვეების განმავლობაში ფართო ექსპერტული ჩართულობით დავიწყეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებულ პროექტზე მუშაობა. 2004 წლის შემდეგ დოკუმენტი არ განახლებულა. ბუნებრივია, 20 წლის პაუზის შემდეგ აუცილებელიც კი იყო მისი გადახედვა. ეს დოკუმენტი, პრაქტიკულად, ზოგადი განათლების კონსტიტუციაა და განსაზღვრავს იმ ძირითად პრინციპებს, პოსტულატებს, როგორი მოქალაქის და ადამიანის აღზრდა გვინდა საქართველოში, მათ შორის, ზოგადი განათლების ჭრილში და ადგენს იმ ძირითად პრინციპებს, რომლებსაც სრულად უნდა დაეფუძნოს სასკოლო განათლება, ზოგადი განათლება. შესაბამისად, დღეიდან ვიწყებთ აღნიშნული პროექტის განხილვას ფართო საზოგადოებაში. ეს დოკუმენტი ფართო შეთანხმებით უნდა იქნას მიღებული და შემდეგ საბოლოდ გადაეგზავნება პარლამენტს დასამტკიცებლად. მთავარი პრინციპები, რომლებსაც დოკუმენტი ეფუძნება, არის ეროვნული იდენტობის შენარჩუნება, ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერება, სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის, კულტურის პატივისცემა, ცოდნა, სახელმწიფოებრივი აზროვნება, პატრიოტიზმი, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა, მაღალი სამოქალაქო ცნობიერება ტოლერანტობა და სამართლიანობა, თანამედროვე სამყაროში დამოუკიდებლად ცხოვრება, გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღება. დღეიდან პროექტი იქნება საჯარო და ყველა დაინტერესებულ ადამიანს, მათ შორის სასკოლო საზოგადოებას, მშობლებს, პედაგოგებს, ექსპერტებს და დარგის მცოდნეებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ საკუთარი რეკომენდაციები, როგორ შეიძლება ამ დოკუმენტის დახვეწა, გაუმჯობესება. საბოლო ჯამში, გარკვეული გონივრული ვადის შემდეგ უკვე მთავრობას პროექტის საბოლო ვერსია წარედგინება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.