თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. მისი ოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში შესვლამდე, პაციენტს ორივე ქვედა კიდურზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. ექიმის ინფორმაციით, ოპერაციის დროს გამოვლინდა ბარძაყის არტერიისა და ვენის ტრავმული დაზიანება, ჩატარდა აღნიშნული სისხლძარღვების რეკონსტრუქცია.
„ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საჭიროებს ყურადღებას, პაციენტი გადაყვანილია პოსტოპერაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ზოგადმა ქირურგმა, გუგა კენჭაძემ.
აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცი რამდენიმე საათის წინ დაჭრეს. პირველი არხის ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 117-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის, დამნაშავის დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.