51-ე სკოლის დირექტორი გამორიცხავს, რომ მისი სკოლის მოსწავლეებს ცივი იარაღი ჰქონდათ
51-ე სკოლის დირექტორის მანანა თურქაძის განცხადებით, გუშინ, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებაში მხოლოდ 51-ე სკოლის მოსწავლეები არ მონაწილეობდნენ.
სკოლის დირექტორი გამორიცხავს, რომ მისი სკოლის მოსწავლეებს თან ჰქონოდათ ცივი იარაღი. მისი ინფორმაციით, ამოღებული ვიდეოჩანაწერებითაც ჩანს, რომ მთელი დღის განმავლობაში კონფლიქტს სკოლაში ადგილი არ ჰქონია.
„სკოლაში არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, სიმშვიდე იყო. ამოღებულია ჩანაწერები, სკოლაში 60-ზე მეტი კამერაა დამონტაჟებული. ბავშვების ერთად გადაადგილებაც არ შეიმჩნეოდა, რომ რაიმე საეჭვო ყოფილიყო. ორივენი დადიდოდნენ მშვიდად. ის მოსწავლეც, რომელიც გარდაიცვალა და ისიც, რომელიც დაჭრილია. ისინი მეგობრები იყვნენ. როდესაც შემთხვევა მოხდა, გაკვეთილები დასრულებული იყო და ეს შემთხვევა მოხდა სკოლიდან მოშორებით“, – აცხადებს მანანა თურქაძე.
რაც შეეხება კითხვას, შესაძლოა თუ არა მათ ჰქონოდათ ბასრი იარაღი ან დანა, ამას დირექტორი გამორიცხავს, რადგან მისი ცნობით, სკოლას ამის შემოწმების რამდენიმე მექანიზმი გააჩნია.
სკოლის დირექტორი დღეს პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა იმის გასარკვევად, იყვნენ თუ არა დღეს გამოკითხვაზე სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები.
როგორც ცნობილია, გამოძიების ფარგლებში უკვე მეორე დღეა, მათი დაკითხვა მიმდინარეობს და ასევე, ამოღებულია სკოლაში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები.
შსს-ს ცნობით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, პირველ დეკემბერს არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.