4K რეზოლუციის ვიდეოტური მთვარეზე - NASA-ს ახალი ვიდეო
18:14, 12.04.2018
მთვარის გარშემო მოძრავი ხელოვნური თანამგზავრი Lunar Reconnaissance Orbiter (LRO) კაცობრიობას მხოლოდ სამომავლო მისიების დაგეგმვის თვალსაზრისით როდი ეხმარება. მის მიერ შეგროვებული მონაცემები ასევე ბევრ ცნობას გვაწვდის მთვარის ევოლუციისა და სტრუქტურის შესახებ.
YouTube-ზე გამოქვეყნებულ NASA-ს ახალ ვიდეოში 4K რეზოლუციითაა ასახული მთვარის უამრავი სხვადასხვა ადგილის მახასიათებლები. ვიდეო ძირითადად LRO-ს მონაცემებითაა შექმნილი. გარდა ამისა, NASA Tumblr-ზე აქვეყნებს პოსტს, რომელშიც წარმოჩენილია კონკრეტულ ადგილთა ღრმა გეოლოგიური და მორფოლოგიური მახასიათებლები.
LRO მთვარის გარშემო 2009 წლიდან მოძრაობს და მას შემდეგ, დედამიწის უახლოესი ციური მეზობლის შესახებ არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა.
მთვარის მუდმივად ბნელი რეგიონების კრატერებსა და მღვიმეებში, ორბიტერმა იპოვა ყინულოვანი ზონები. შეაგროვა მინერალოგიური მონაცემები, რაც მკვლევრებს ეხმარება მთვარის კრატერების, ლავის აუზებისა და სხვა მახასიათებელთა ასაკის განსაზღვრაში. ამ მიმართულებით თანამგზავრი განსაკუთრებით ფოკუსირდა 2017 წლის მიწურულიდან, როცა ტრამპის ადმინისტრაციამ NASA-ს მთვარის აქტიური კვლევისა და ადამიანთა გაგზავნის დირექტივა მისცა.
მთვარის სამომავლო მისიებმა შესაძლოა, გამოიყენონ ჩრდილოეთ პოლუსის მთის მწვერვალთა და კრატერების ჩაღრმავებების უპირატესობები.
დაჯდომის კიდევ ერთი შესაძლო ადგილია არისტარქეს პლატო — უძველესი ვულკანური აუზი, რომელიც იმდენად კაშკაშა და დიდი კრატერებით გამოირჩევა, რომ მათი ხილვა დედამიწიდან, შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია. LRO-ს ინფრაწითელმა ფოტოებმა გამოავლინა სილიკატების ტიპის მრავალი სხვადასხვა მინერალის არსებობა, რომელთა საშუალებითაც გავიგებთ, რა სახის ვულკანური მინერალები იყო წარმოდგენილი მთვარეზე ძალიან დიდი ხნის წინ.
ვიდეოში ასევე ნაჩვენებია 1969-1972 წლებში მთვარეზე ადამიანთა დაჯდომის ადგილები, ე. წ. აღმოსავლეთის ზღვა და სამხრეთ პოლუსი, სადაც ფიქსირდება ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტემპერატურა მთელ მზის სისტემაში.
თვალს ასევე შეავლებთ 2500 კილომეტრზე გადაჭიმულ სამხრეთ პოლუსის აუზს მთვარის ბნელ მხარეს, ისევე როგორც 100 მლნ წლის კრატერ ტიქოს, რომლის წარმოშობაც დღემდე იდუმალებითაა მოცული.