45$ მლნ ღირებულების რუსულმა თანამგზავრმა კრახი არასწორი კოორდინატების გამო განიცადა
45$ მლნ ღირებულების რუსულმა თანამგზავრმა კრახი არასწორი კოორდინატების გამო განიცადა

რუსეთმა ბოლოსდაბოლოს აღიარა, რომ გასული წლის ნოემბერში, მაღალპროფილური კოსმოსური კრახი გამოწვეული იყო იმის გამო, რომ რაკეტა, რომელსაც ორბიტაზე მიჰქონდა 45 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მეტეოროლოგიური თანამგზავრები, მეცნიერებმა არასწორი კოორდინატებით დააპროგრამეს.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან გაკეთებულ კომენტარში, რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა აღიარა, რომ მეტეოროლოგიურ თანამგზავრ Meteor-M-ს, რომელიც რუსეთის შორეული აღმოსავლეთიდან, ახალი კოსმოდრომიდან გაეშვა, მითითებული ჰქონდა ყაზახეთის ბაიკონურის კოსმოდრომის კოორდინატები.

„რაკეტა სინამდვილეში ისე იყო დაპროგრამებული, თითქოს ის ბაიკონურიდან ეშვებოდა. შეცდომა იყო კოორდინატებში“, — აღნიშნა როგოზინმა.

სამხრეთ ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომი კოლოსალური კოსმოსური პორტია, რომელიც დიდადაა დაკავშირებული საბჭოთა კავშირის კოსმოსური კვლევების ისტორიასთან; შეიქმნა 1950-იან წლებში.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთმა კოსმოდრომი ყაზახეთისგან იჯარით აიღო, თუმცა დაიწყო ახალი კოსმოდრომის მშენებლობაც.

2011 წლიდან, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ამურის ოლქში, რუსეთი აშენებს 7,5$ მილიარდად ღირებულ ახალ კოსმოსურ პორტს — ვოსტოჩნი კოსმოდრომს. 2017 წლის 28 ნოემბერს, რაკეტა სოიუზ-2-ით სწორედ აქედან გაეშვა თანამგზავრი მეტეორ-M 2–1.

თავიდან, გაშვება წარმატებით განცხორციელდა. რაკეტას ორბიტაზე თან ასევე მიჰქონდა 18 პატარა კვლევითი და კომერციული თანამგზავრები აშშ-დან, იაპონიიდან, კანადიდან და გერმანიიდან. როდესაც მეტეოროლოგიური თანამგზავრი მეტეორ-2 რაკეტას გამოეყო, მეცნიერები მიხვდნენ, რომ მოხდა რაღაც საზარელი შეცდომა.

„თანამგზავრთან პირველი დაგეგმილი კონტაქტი და კომუნიკაციის დამყარება ვერ შედგა, რადგან იგი წინასწარ განსაზღვრულ ორბიტაზე არ იყო“, — განაცხადა მაშინ როსკოსმოსის პრესსპიკერმა.

„სიტუაციის ანალიზი ახლაც მიმდინარეობს“.

რუსული მედია მაშინ ეჭვობდა, რომ პრობლემა გამოწვეული იყო რაკეტის ძრავების ფინალური სტადიის კრახით. თუმცა, როსკოსმოსმა საკუთარი გამოძიება დაიწყო.

შედეგად, აღმოჩნდა, რომ საქმე ეხებოდა რაღაც უფრო ძალიან უხეშს, რისი თავიდან აცილებაც ადვილად შეიძლებოდა: ადამიანურ შეცდომას.

როგოზინის განცხადებისგან განსხვავებით, ოფიციალური განცხადებაში როსკოსმოსი კრახს შედარებით სხვანაირი ენით განმარტავს და კატასტროფას უკავშირებს „საკონტროლო სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის ალგორითმის ხარვეზს“.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როსკოსმოსი იმას ამბობს, რომ მეცნიერებმა, რომლებიც რაკეტის გაშვებაზე იყვნენ პასუხისმგებელნი, დაუდევრობა გამოიჩინეს.

„ამ ყველაფრის კომბინაციამ წვლილი შეიტანა მისიის ასე ცუდად დამთავრებაში. გაშვების სამზადისში, ყველა ეს ხარვეზი შეუმჩნეველი დარჩა“, — დაასკვნა სპეციალურმა კომისიამ.

კომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ მისიის პასუხისმგებელი პირების მიმართ გატარდეს დისციპლინური სანქციები.

ახალი ვოსტოჩნი კოსმოდრომისა და ზოგადად რუსეთისთვის, ეს ძალაინ ცუდი დასაწყისია. აღსანიშნავია, რომ როსკოსმოსმა კოსმდრომის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხის თითქმის მესამედი გაფლანგა. შიდა აუდიტი კოსმოსურ სააგენტოს 2$ მილიარდის გაფლანგვაში ადანაშაულებს: „მორალური ხრწნის ასეთი დონის კვალდაკვალ, სულაც არაა გასაკვირი ინციდენტთა მაღალი მაჩვენებელი“.

ეს მარცხი ასევე ნიშნავს იმას, რომ მეცნიერები ვეღარ შესძლებენ იმას, რისთვისაც თანამგზავრი მეტეორ-M 1–2 იყო გამიზნული: რუსეთის მეტეოროლოგიური სააგენტო „როსჰიდრომეტის“ ხუთწლიანი მისია სატელიტური ფოტოებისა და გარემოს მონაცემების შესაგროვებლად.

მომზადებულია The Guardian-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით