რუსეთის ახალი კოსმოდრომიდან გაშვებულმა კოსმოსურმა რაკეტამ მარცხი განიცადა
რუსეთის ახალი კოსმოდრომიდან გაშვებულმა კოსმოსურმა რაკეტამ მარცხი განიცადა

რუსეთის ახალი კოსმოდრომიდან გაშვებულმა რაკეტამ, რომელსაც თან მიჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნური თანამგზავრები, ორბიტამდე ვერ მიაღწია და სავარაუდოდ, ატლანტის ოკეანეში ჩავარდა.

რაკეტა „სოიუზს“ თან მიჰქონდა Meteor-M ტიპის ამინდის თანამგზავრი და 18 პატარა ხომალდი კანადიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, ნორვეგიიდან, რუსეთიდან, შვედეთიდან და აშშ-დან. რაკეტა 28 ნოემბრის დილას აფრინდა „ვოსტოჩნი კოსმოდრომიდან“, რომელსაც რუსეთი შორეულ აღმოსავლეთში, ჩინეთის საზღვართან აშენებს.

ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა, რომელიც რუსეთის კოსმოსურ საქმეებს განაგებს, გაშვება წარმატებად შეაფასა და გამშვებ ჯგუფს მიულოცა:

„მადლობა და წარმატებები. დიდება რუსეთს!“.

თუმცა მოგვიანებით, როგორც კოსმოსურმა სააგენტო „როსკოსმოსმა“ განაცხადა, ზედა დონემ შუალედურ ორბიტას მიაღწია, მაგრამ შემდეგ, თანამგზავრმა დედამიწასთან კონტაქტი გაწყვიტა, „რადგან საბოლოო ორბიტამდე ვერ მიაღწია“.

სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, თანამგზავრმა ძრავები არასწორი მიმართულებით ჩართო და ატლანტის ოკეანეში ჩავარდა, სავარაუდოდ, ადამიანური შეცდომის გამო.

როდესაც ჟურნალისტებმა დანაკარგის შესახებ ჰკითხეს, პუტინის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს დასკვნების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ნაწილობრივ დასრულებული „ვოსტოჩნი კოსმოდრომიდან“ ეს უკვე მეორე რაკეტის გაშვება იყო. პროცესს ახლომდებარე გზატკეცილიდან ადგილობრივი მოსახლეობაც უყურებდა.

პირველი გაშვება ახალი კოსმოდრომიდან 2016 წლის აპრილში, დაგეგმილზე ერთი დღით დაგვიანებით განხორციელდა, რაც ტექნიკური ხარვეზით იყო გამოწვეული. გაჭიანურების გამო, მაშინ სასტიკად გაღიზიანდა ვლადიმერ პუტინი, რომელიც გაშვებას პირადად ესწრებოდა.

მართალია, ეს გაშვება წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ რაკეტის მიერ წაღებულმა ერთ-ერთმა თანამგზავრმა ორბიტაზე გასვლიდან სულ მალე, ფუნქციონირება შეწყვიტა.

„ვოსტოჩნი კოსმოდრომს“ რუსეთი ყაზახეთში მდებარე საბჭოთა დროის ბაიკონურის კოსმოდრომის ჩასანაცვლებლად აშენებს, თუმცა პროცესი კორუფციული ბრალდებების გამო გაჭიანურდა. დააპატიმრეს დაპროექტებასა და მშენებლობაზე პასუხისმგებელი რამდენიმე პირი.

ეს მარცხი კიდევ ერთი შავი ლაქაა რუსეთის კოსმოსურ ინდუსტრიაში. აღსანიშნავია, რომ აშშ და სხვა ქვეყნები ხშირად რუსეთზე არიან მინდობილნი ზოგიერთი თანამგზავრის გაშვებისას; გარდა ამისა, სწორედ რუსულ რაკეტებს მიჰყავს ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.

2010 წლის შემდეგ, მარცხი განიცადა რუსეთის მიერ გაშვებულმა თორმეტმა კოსმოსურმა რაკეტამ.

 

დატოვე კომენტარი