43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დღეს გაიხსნება - ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ
43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დღეს გაიხსნება - ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ

ევროპის პირველი ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის, ევროპა-აზიის პირველი ინტერკონტინენტალური მატჩი, კონტინენტის პირველობა ინდივიდუალურ ჭადრაკში, სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში მსოფლიო ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის – ეს სხვადასხვა დროს ბათუმში ჩატარებული იმ შეჯიბრებების ჩამონათვალია, რომელიც საქართველომ 2014 წელს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე წარმატებული პროექტების სახით წარადგინა და მსოფლიოს უთხრა, რომ ბათუმი რიგით 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობისთვის მზად იყო.

ფარული კენჭისყრის შედეგად, 93 ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენელმა მხარი საქართველოს ზღვისპირა კურორტს დაუჭირა. შესაბამისად, 2018 წლის 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე, ბათუმში, 190 ქვეყნის წარმომადგენელი პირველობისთვის იბრძოლებს. ბათუმის კონკურენტი ქალაქის ქეიფთაუნის სასარგებლოდ სულ 58 ხმა დაფიქსირდა.


მზადება Black Sea Arena-ზე – გახსნის ცერემონია (ფოტოები)


ისტორია

საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორია არაოფიციალური სტატუსის მქონე შეჯიბრით დაიწყო. 1924 წელს პარიზის ოლიმპიური თამაშების პარალელურად, პირველი არაოფიციალური ტურნირი მოყვარულმა მოჭადრაკეებმა ითამაშეს, ოლიმპიადის დახურვის დღეს, 1924 წლის 20 ივლისს, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია (ფიდე) დააფუძნეს და მას შემდეგ 20 ივლისი – ჭადრაკის საერთაშორისო დღეა.

ფიდე-ს ეგიდით პირველ საჭადრაკო ოლიმპიადას 1927 წელს ლონდონმა უმასპინძლა და იქ სათამაშოდ 16 ქვეყნის წარმომადგენელი ჩავიდა. სქესი შეზღუდული არ იყო, მაგრამ საჭადრაკო ოლიმპიადებზე მხოლოდ მამაკაცები ასპარეზობდნენ. ასე იყო 1957 წლამდე…

​ფიდე-მ ქალთა ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადა დააფუძნა.  1972 წლიდან ტურნირი ვაჟთა და ქალთა შორის ერთდროულად ტარდება.

1957 წელსვე გადაწყდა, რომ ქალთა შორის გამარჯვებულ გუნდს მსოფლიოს პირველი ჩემპიონის ვერა მენჩიკის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემოდა.

1936 წლიდან 14 წლის განმავლობაში საჭადრაკო ოლიმპიადები არ ჩატარებულა – მიზეზი მეორე მსოფლიო ომია.

1950 წელს მე-9 საჭადრაკო ოლიმპიადას დუბროვნიკმა (იუგოსლავია) უმასპინძლა და სწორედ აქ გადაწყდა, რომ საჭადრაკო ოლიმპიადები ყოველ 2 წელიწადში ერთხელ გაიმართებოდა.

1950 წელი, დუბროვნიკი, იუგოსლავია

1980 წელი – მალტის დედაქალაქი ვალეტა. საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორიაში პირველად საბჭოთა ნაკრების ღირსებას მხოლოდ ქართველები: – მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია და ნანა იოსელიანი იცავდნენ. 42 ქვეყნის ნაკრებს შორის წარმატებული მოთამაშე პირველად შვეიცარიული სისტემით უნდა გამოვლენილიყო. სისტემას ბევრი ხარვეზი ჰქონდა, თუმცა ტურნირის მთავარი ხიბლი შემდეგში იყო: ყოველ ტურში ერთმანეთს ლიდერები ხვდებოდნენ. ბოლო მე-14 ტურის წინ საქართველოს ნაკრებს 30,5 ქულა დაუგროვდა, უნგრეთს 30 და სწორედ ამ ნახევარი ქულით საქართველო საბჭოურ ეპოქაში პირველ ოლიმპიურ ოქროს ზეიმობს.

საბჭოთა კავშირის ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები: ნანა იოსელიანი, მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია

საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის დაშლამ გუნდურ ასპარეზზე კონკურენციის ზრდა განსაკუთრებით ქალთა ჭადრაკში გამოიწვია, ამას ჩინელი მოჭადრაკეების ტრიუმფიც დაერთო და 1992 წელს მანილას საჭადრაკო ოლიმპიადის ყველა პარტია საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა.

მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი და ნინო გურიელი – ეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაა, რომლის მთავარი კონკურენტები უკრაინისა და ჩინეთის გუნდები აღმოჩდნენ. უკრაინელების გუნდში სამი ყოფილი საბჭოელი ოლიმპიელი:- ალისა გალიამოვა, მარტა ლიტინსკაია და ლიდია სემიონოვა ასპარეზობს, ჩინელების ლიდერი კი მსოფლიო ჩემპიონი – სიუ ძუნია. საქართველოს ნაკრები ფრედ თამაშობს უკრაინასთან და უგებს ჩინეთის გუნდს, მაგრამ 11 ტურის შემდეგ 1,5 ქულით ჩამორჩება მათ. დარჩენილ სამ ტურში საქართველოს ნაკრებმა 7,5 ქულა მოაგროვა, უკრაინელებმა და ჩინელებმა 4,5 და 4 ქულა მიითვალეს და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული გუნდი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი ოლიმპიური ჩემპიონია.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ეროვნულმა ნაკრებმა საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი 2002 წელს, ბლედში, ბოლო ტურში დაკარგა. გადამწყვეტ პარტიებს ქართველი მოჭადრაკე ვაჟები სომხეთის გუნდთან თამაშობდნენ, საჭირო იყო მინიმუმ ქულანახევრის აღება, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ეს შეხვედრა 1:3 წააგო და მეოთხე ადგილზე გავიდა.

ბლედში საქართველოს ნაკრების ღირსებას ზურაბ აზმაიფარაშვილი, ზურაბ სტურუა, მიხეილ მჭედლიშვილი, ბაადურ ჯობავა, ზვიად იზორია და მერაბ გაგუნაშვილი იცავდნენ.

1997 წელი, ფიდე-ს 68-ე კონგრესზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საჭადრაკო ოლიმპიადებზე ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის, საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყანას, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში

 

ბათუმში საჭადრაკო ოლიმპიადის პარალელურად ფიდე-ს 89-ე კონგრესი გაიმართება, სადაც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს აირჩევენ. ბათუმში ასევე კონტინენტების საჭადრაკო კავშირების თავკაცების არჩევნებიც უნდა გაიმართოს. უკვე ცნობილია, რომ ევროპის 2003 წლის ჩემპიონი ზურაბ აზმაიფარაშვილი უკონკურენტო კანდიდატია და ის ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად მეორე ვადით იმუშავებს.

ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონია 23 სექტემბერს “ბლექ სი არენაზე” გაიმართება, 5 ოქტომბერს კი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან. ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ვიშვანათან ანანდი, ლაშა ტალახაძე, ანიტა რაჭველიშვილი და ნიკოლოზ რაჭველი – 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩები არიან, ხოლო  კუ „ბათუსა“ საჭადრაკო ოლიმპიადის თილისმაა.

საჭადრაკო ოლიმპიადის საინფორმაციო მხარდამჭერი საზოგადოებრივი მაუწყებელია. ტრადიცია გრძელდება, რადგან სწორედ ჩვენი ტელევიზიის და რადიოს ერთ-ერთი წარმატებული გადაცემა იყო „საჭადრაკო სამორინე“, რომელიც პირველად ეთერში 1968 წელს გავიდა და მას შემდეგ 28 წლის მანძილზე მისი უცვლელი ავტორი და წამყვანი მოჭადრაკე და ჟურნალისტი თენგიზ გიორგაძე იყო.

190 ქვეყნის წარმომადგენელმა სვლა საქართველოსკენ 2016 წელს, ბაქოს საჭადრაკო ოლიმპიადის დასრულებისთანავე დაიწყო. რიგით 42-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ვაჟთა ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ ფენომენალური შედეგი დააფიქსირა. პირველ დაფაზე ბაადური 10-დან 8 ქულით ოქროს მედალოსანი გახდა და სატურნირო ცხრილში: – მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი, ექს-ჩემპიონები -ვლადიმირ კრამნიკი, რუსლან პონომარიოვი, ვესელინ ტოპალოვი და მსოფლიოს უძლიერესი დიდოსტატები – დავიდ ნავარა და ფაბიანო კარუანა ჩამოიტოვა.

ბაქოში საქართველოს ვაჟთა ნაკრები 14 ქულით 24-ე ადგილზე გავიდა, თუმცა ბოლო ტურში განცდილი სავალალო მარცხი რომ არა, საქართველო გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილზე იქნებოდა.

მეოთხე გუნდად იყო განთესილი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები, რომელმაც საბოლოოდ, 15 ქულით მეათე შედეგი დააფიქსირა. გოგონებში ნინო ბაციაშვილის თამაში შესანიშნავი იყო. ნინომ 10-დან 9 პარტია მოიგო და ქალთა შორის მე-4 დაფაზე მხოლოდ ჩინელ ჟონგი ტანს (2475) ჩამორჩა.  ნინო ბაციაშვილმა ოლიმპიური ვერცხლის მედალთან ერთად 6 სარეიტინგო ქულის მატება და 2533 რეიტინგ-პერფომანსი დააფიქსირა.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას 21:00 საათზე პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ყურება პირდაპირ ეთერში პირველი არხის Youtube-ს და Facebook-ის ოფიციალურ გვერდებზეც შეგეძლებათ.