42 000 წლის წინ არსებული გლობალური არეულობის პერიოდის მიზეზი დედამიწის მაგნიტურ ველში მომხდარი გადანაცვლება იყო. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.
უძველესი ხეების რგოლებში შემორჩენილი რადიონახშირბადის კვლევის მიხედვით, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მოშლილი კლიმატი, მასობრივი გადაშენებები და ადამიანთა ქცევის ცვლილებაც კი, შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს დედამიწის მაგნიტური ველის პოლარობის შეცვლასთან.
მკვლევართა ჯგუფმა ამ პერიოდს ადამსის გარდამავალი გეომაგნიტური მოვლენა, ან უბრალოდ ადამსის მოვლენა უწოდა; მათი შთაგონება სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალი დუგლას ადამსი გახდა, რომელიც სიცოცხლის, სამყაროსა და ყველაფრის პასუხად ციფრ 42-ს ასახელებდა.
„პირველად ისტორიაში, შევძელით ზუსტად დაგვედინა მაგნიტურ პოლუსთა ბოლო გადანაცვლების ზუსტი პერიოდი და მისი გავლენა გარემოზე“, — ამბობს ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი კრის ტარნი.
მისივე განცხადებით, აღმოჩენა შესაძლებელი გახადა ახალ ზელანდიაში აღმოჩენილმა უძველესმა ავსტრალიური აგათისის (Agathis australis), იგივე კაურის ხეებმა, რომლებიც დანალექებში თითქმის 40 000 წლის განმავლობაში ინახებოდა. უძველესი ხეების გამოყენებით კი შესაძლებელია დედამიწის მაგნიტური კოლაფსის შედეგად ატმოსფეროში რადიონახშირბადის დონის მომატების გაზომვა და დათარიღება.
მაგნიტური გადანაცვლების ამ ბოლო პერიოდს ლაშამპის მოვლენას უწოდებენ და გეომაგნიტური ექსკურსიის სახელითაც არის ცნობილი. ეს მაშინ ხდება, როდესაც პლანეტის მაგნიტური პოლუსები უცბად ცვლიან ადგილებს, შემდეგ კი თავდაპირველ ადგილებს უბრუნდებიან. ეს გახლავთ დედამიწის მაგნიტური ველის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი მოვლენა, რომლებიც ფერომაგნიტურ მინერალებშია ჩაწერილი.
ეს მოვლენა დაახლოებით 41 000 წლის წინ მოხდა და თითქმის 800 წელიწადს გაგრძელდა. უცნობი იყო, ზუსტად რა გავლენა ჰქონდა ამ მოვლენას პლანეტაზე არსებულ სიცოცხლეზე; ამიტომ, როდესაც მეცნიერებმა 2019 წელს უძველესი კაურის ხეები (Agathis australis) აღმოაჩინეს, რომლებიც იმ პერიოდში უნდა ყოფილიყო ცოცხალი, კვლევების ჩასატარებლად ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს.
ამის მიზეზი კი ის არის, რომ წლიურ რგოლებში ხე ატმოსფერულ აქტივობებს ინახავს. განსაკუთრებით ნახშირბად-14, იგივე რადიონახშირბადი, რომელსაც ციურ აქტივობათა შესახებ ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია.
რადიონახშირბადი დედამიწაზე მხოლოდ კვალის სახით, ძალიან ცოტა წარმოიქმნება ნახშირბადის სხვა ბუნებრივად წარმოებადი იზოტოპებისგან განსხვავებით. წარმოიქმნება ატმოსფეროს ზედა ნაწილში, კოსმოსიდან მომდინარე კოსმოსური სხივების დარტყმის შედეგად. როდესაც ეს სხივები ატმოსფეროში შემოდის, ურთიერთქმედებს იქ არსებულ აზოტის ატომებთან და იწვევს ბირთვულ რეაქციას, რის შედეგადაც წარმოიქმნება რადიონახშირბადი.
ვინაიდან კოსმოსური სხივები კოსმოსში მუდამ დაჰქრის, დედამიწა რადიონახშირბადით მეტნაკლებად დაბალანსებულად მარაგდება. გამომდინარე აქედან, ხის რგოლებში რადიონახშირბადის მომატება იმას ნიშნავს, რომ იმ წელს დედამიწაზე დიდი ოდენობით რადიონახშირბადი წარმოიქმნა.
როდესაც დედამიწის მაგნიტური ველი სუსტდება, როგორც ეს ლაშამპის მოვლების დროს იყო, ატმოსფეროში უფრო მეტი კოსმოსური სხივი აღწევს და შესაბამისად, უფრო მეტი რადიონახშირბადი წარმოიქმნება. ამის გამო, მეცნიერებმა აქამდეც იცოდნენ, რომ ამ 800-წლიან პერიოდში დედამიწის მაგნიტური ველი ნორმალურ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 28 პროცენტით იყო შესუსტებული.
თუმცა, კაურის ხეებმა მეცნიერებს ლაშაპმის მოვლენამდელი წლების შესწავლის საშუალებაც მისცა. აღმოაჩინეს, რომ ადამსის მოვლენა დაახლოებით 42 000 წლის წინ მოხდა და მაგნიტურმა ველმა ყველაზე სუსტ წერტილს ლაშამპის მოვლენამდე მიაღწია.
„დედამიწის მაგნიტურ ველს ნორმალური სიძლიერის მხოლოდ 0-6 პროცენტიღა ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ მაგნიტური ველი ფაქტობრივად აღარ გვქონდა, კოსმოსური რადიაციისგან ჩვენი დამცავი მთლიანად იყო გამქრალი“, — განმარტავს ტარნი.
იმ პერიოდში, რამდენჯერმე უნდა ყოფილიყო დასუსტებული მზის მაგნიტური ველიც, რადგან რეგულარული ციკლის ფარგლებში განიცდიდა მაგნიტურ გადანაცვლებას. ასეთ დროს მზეზე ნაკლებია ლაქები და ამოფრქვევითი აქტივობები, მაგრამ კოსმოსური სხივებისგან დედამიწას გარკვეულწილად მზის მაგნიტური ველიც იცავს; შესაბამისად, ასეთი მზის მინიმუმის დროს, კოსმოსური სხივებით ბომბარდირება უნდა გაზრდილიყო.
ასე შესუსტებულ მაგნიტურ ველს არსებითი ცვლილებები უნდა გამოეწვია დედამიწის ატმოსფერულ ოზონში, რასაც უნდა მოჰყოლოდა დრამატული შედეგები, მათ შორის, ელექტრომაგნიტური შტორმები და თვალწარმტაცი პოლარული ნათებები, ისევე როგორც კლიმატის ცვლილება მთელ პლანეტაზე.
„კოსმოსიდან მომდინარე გაუფილტრავი რადიაცია დედამიწის ატმოსფეროში ჰაერის ნაწილაკებს შლის , აცლის ელექტრონებს და გამოყოფს სინათლეს — ამ პროცესს იონიზაციას უწოდებენ. იონიზებული აირი „წვავს“ ოზონის შრეს და მთელ პლანეტაზე იწვევს კლიმატის ცვლილების ტალღას“, — ამბობს ტარნი.
ეს კი სრულ შესაბამისობაში მოდის იმ პერიოდში მომხდარ კლიმატურ და გარემო ცვლილებებთან, რომლებიც მთელი დედამიწის მასშტაბით არის შემონახული სხვა ჩანაწერებში; მათ შორის არის ავსტრალიის მეგაფაუნის იდუმალებით მოცული გადაშენებაც.
საინტერესოა, რომ მოვლენა ასევე ემთხვევა ერთ-ერთ უძველეს კლდის მხატვრობის გამოსახულებებს, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ადამსის მოვლენამ ადამიანებს დახურული სივრცეების ათვისება აიძულა.
„ეს უცაბედი ქცევითი ცვლილება მსოფლიოს ძლიერ სხვადასხვა ნაწილებში, კარგად შეესაბამება მღვიმეების გამოყენების ზრდას ან ცვლილებას ადამსის მოვლენის დროს; სავარაუდოდ, ულტრაიისფერი B სხივების სახიფათო დონემდე ზრდის გამო, გამოქვაბულებს თავშესაფრებად იყენებდნენ; ამან ასევე შეიძლება ახსნას მზისგან დაცვის მიზნით წითელი ჟანგმიწის მოხმარების ზრდა“, — წერენ მკვლევრები.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გარკვეულწილად სპეკულაციურია, მაგრამ მიუთითებს, რომ გეომაგნიტური შენაცვლება შეიძლება იმდენად სერიოზული მოვლენა იყოს, რომ მსოფლიოს შეცვლაც შეეძლოს. უახლეს მტკიცებულებათა მიხედვით კი, ამჟამად ჩვენ მაგნიტური პოლუსების კიდევ ერთი ასეთი გადანაცვლების ზღვარზე ვიმყოფებით.
მკვლევართა განცხადებით, ეს შეიძლება აბსოლუტურად გამანადგურებელი აღმოჩნდეს ამჟამინდელ კლიმატში.
„ჩვენი ატმოსფერო უკვე სავსეა იმ ოდენობის ნახშირბადით, რაც კაცობრიობას ჯერ არ უნახავს. მაგნიტური პოლუსების გადანაცვლება ან მზის აქტივობის უკიდურესი ცვლილება შესაძლოა, კლიმატის ცვლილების უპრეცედენტო დამაჩქარებელი აღმოჩნდეს“, — ამბობს ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი კრის ტარნი.
მისივე განცხადებით, აუცილებელია, რომ დაუყოვნებლივ შევაჩეროთ ნახშირბადის გამოყოფა, იქამდე, ვიდრე ასეთი შემთხვევითი მოვლენა კვლავ მოხდება.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია unsw.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.