40 წელი კოსმოსში - დღეს ვოიაჯერების ვარსკვლავთშორისი მისიის იუბილეა
„კოსმოსურ ოკეანეში ამ ბოთლის გაშვება ჩვენს პლანეტაზე არსებული სიცოცხლის შესახებ რაღაც იმედისმომცემს ამბობს“, — თქვა კარლ სეიგანმა 1977 წელს, ხომალდ ვოიაჯერების გაგზავნისას.
ამჟამად, 40 წლის შემდეგ, ორი კოსმოსური ხომალდი ჯერ კიდევ ელვის სისწრაფით შორდება მკრთალ ლურჯ წერტილს — ჩვენს ციცქნა პლანეტას. ეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შორეული და ხანგრძლივი კოსმოსური მისიაა. საიუბილეოდ, NASA საოცარ პოსტერებს აქვეყნებს.
მისიის პატივსაცემად, 5 სექტემბერს, ეროვნულ საჰაერო და კოსმოსურ მუზეუმში, NASA საჯარო ღონისძიებას მოაწყობს. და როგორც მათ სტილს სჩვევია, სააგენტომ ასევე გამოაქვეყნა პოსტერები, რომლებიც მთელ მსოფლიოს ამცნობენ ვოიაჯერთა დიადი ტურის შესახებ.
თავდაპირველად, ტყუპმა ხომალდმა უპრეცედენტო ლაშქრობა დაიწყო გაზის ორი გიგანტის — იუპიტერისა და სატურნისკენ. იქიდან, ვოიაჯერ 1 მზის სისტემის კიდეებისაკენ გაეშურა და 2012 წელს, პირველი (და ამ დრომდე ერთადერთი) კოსმოსური ხომალდი გახდა, რომელიც ვარსკვლავთშორის სივრცეში შევიდა.
ამასობაში, ვოიაჯერ 2 გარე პლანეტებს — ურანსა და ნეპტუნს სტუმრობდა და გახდა ერთადერთი ხომალდი, რომელიც ესტუმრა მზის სისტემის ყინულისა და გაზის ოთხივე გიგანტ პლანეტას.
ზონდებმა მზის სისტემის შორეულ ნაწილში აღმოაჩინეს მანამდე უხილავი მრავალი მთვარე და მათზე მიმდინარე პროცესები, მათ შორის — ვულკანური აქტივობა იუპიტერის მთვარე იოზე და ყინულის გეიზერები ნეპტუნის მთვარე ტრიტონზე.
გარდა მრავალი მსგავსი ჩანაწერისა და სამეცნიერო აღმოჩენისა, ვოიაჯერის მისია ასევე ცნობილია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტით. „კოსმოსურ ოკეანეში“ მათ შეტყობინებები მიაქვთ — ოქროს ორი ჩანაწერი, რომლებზეც ჩაწერილია ხმები, ღირსშესანიშნავი ადგილები და სიმღერები დედამიწიდან იმ იმედით, რომ იქნებ ერთ მშვენიერ დღესაც, მათ რომელიმე სხვა, კოსმოსში მოხეტიალე არამიწიერი ცივილიზაცია გადაეყაროს და გაშირფროს.
ამ ჩანაწერთა პატივსაცემად, NASA-მ გამოაქვეყნა სახალისო პოსტერი, რომელიც 1970-იანი წლების დისკების მსგავსადაა გაფორმებული და ყდაზე ჩამოთვლილია მისიის რამდენიმე „დიდებული ჰიტი“:
1990 წელს, როდესაც ვოიაჯერ 1 დედამიწიდან უკვე 6 მილიარდი კილომეტრით იყო დაშორებული და მისი კამერები სამუდამოდ უნდა გამორთულიყო, კარლ სეიგანის დაჟინებული მოთხოვნით, ხომალდი შემობრუნდა და უკანასკნელი ფოტო გადაიღო.
ამ ფოტოზე დედამიწა ასახულია ციცქნა პიქსელის სახით კოსმოსის უკიდეგანო სივრცეში — ასეთს ხედავდა უკვე პლუტონს გაცდენილი ხომალდი ჩვენს პლანეტას. შეიძლება ეს ფოტო უკვე იცით კიდეც, „მკრთალი ლურჯი წერტილის“ სახელით, როგორც მას კარლ სეიგანმა უწოდა.
ორივე ხომალდი, ამ წერტილიდან დაშორებას ამ დრომდე აგრძელებს, მიჰქრიან უფრო და უფრო შორს. ერთ-ერთმა მათგანმა უკვე შეცურა უკიდეგანო ვარსკვლავთშორის სივრცეში, ჩვენი დედავარსკვლავის ვარსკვლავურ ქარებს მიღმა.
„მას შემდეგ, რაც დედამიწასთან კონტაქტს გაწყვეტენ, ისინი ჩვენი გალაქტიკის ცენტრის გარშემო დაიწყებენ მოძრაობას, რაც მილიარდობით წელიწადს გაგრძელდება. ირმის ნახტომის ცენტრს ისინი ყოველ 225 მილიონ წელიწადში ერთხელ შემოუვლიან“, — აცხადებს NASA. მეორე სამახსოვრო პოსტერი სწორედ კვლევის სულისკვეთებას ასახავს: