38 მსჯავრდებულს კარიერის დაგეგმვის კონსულტაციები უტარდება
38 მსჯავრდებულს კარიერის დაგეგმვის კონსულტაციები უტარდება

სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან თანამშრომლობის საფუძველზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს კარიერის დაგეგმვის კონსულტაციები ტარდება. ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კარიერული კონსულტირება ორ ეტაპად მიმდინარეობს, პირველი ეტაპი 30 უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთან შედგა, ხოლო მეორე ეტაპი რვა არასრულწლოვანთან პროფესიულ კონსულტირებას დაეთმობა. შეხვედრები ინდივიდუალურად და ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. სულ 38 მსჯავრდებულთან შედგება ინტერვიუ. შეხვედრების მიზანია მსჯავრდებულთა სასურველი პროფესიების შესწავლის პროცესის დაგეგმვა და მათი პროფესიული ინტერესების გამოვლენა. საჭიროებების გამოვლენის შემდეგ თითოეულ მსჯავრდებულზე კარიერული სამოქმედო გეგმა შედგება და სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება. მსჯავრდებულთა პროფესიული უნარების გამოვლენა მიზნად ისახავს სასურველი სფეროების მიხედვით მათ გადამზადებას და დასაქმების ხელშეწყობას.

აღნიშნული პროცესი უვადო მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცებისთვის ერთ-ერთი პირველი ეტაპია, რომელიც ეტაპობრივად გაგრძელდება. პროექტის მიზანია უვადო მსჯავრდებულების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი, როგორც სამუშაო მაძიებლების შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა. ონლაინ შეხვედრები ხორციელდება ა/წ აგვისტოში სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტოსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან გააფორმა.

ურთიერთშეთანხმება მსჯავრდებულების დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებში, ფორუმებსა და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა და მსჯავრდებულებს (როგორც პენიტენციური დაწესებულების შიგნით, ისე დაწესებულების გარეთ) შესაძლებლობას აძლევს გაიარონ პროფესიული კონსულტირება, სწორად დაგეგმონ კარიერა, გაეცნონ შრომის ბაზრის ტენდენციებს და დაეუფლონ მოთხოვნად პროფესიებს.