რატი ბრეგაძე - თბილისში უკვე არსებობს მსჯავრდებულების მიერ დამზადებული პროდუქციის მაღაზია, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, წვლილი შეიტანოს პატიმართა რესოციალიზაციაში
რატი ბრეგაძე - თბილისში უკვე არსებობს მსჯავრდებულების მიერ დამზადებული პროდუქციის მაღაზია, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, წვლილი შეიტანოს პატიმართა რესოციალიზაციაში

პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ საქართველოში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების პირველ მაღაზიაზე ისაუბრა.

ბრეგაძის თქმით, გაიზრდება პროექტ „რე-მარკეტის“ მასშტაბი, რის შედეგადაც დასაქმების და შემოსავლის მიღების მეტი შესაძლებლობა გაჩნდება.

„როგორც მოგეხსენებათ, თბილისში უკვე არსებობს მსჯავრდებულების მიერ დამზადებული პროდუქციის მაღაზია, კერძოდ, წერეთლის გამზირზე. ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეიძინოს პატიმრების მიერ დამზადებული პროდუქცია ონლაინ მაღაზიაში, იმავე WOLT-ის მეშვეობით. შესაბამისად, თავისი წვლილი შეიტანოს პატიმართა რესოციალიზაციაში. ყველას მოგიწოდებთ, სურვილის შემთხვევაში, ამ საშუალების გამოყენებისკენ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, გაგრძელდება სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის იმპლემენტაცია, რის შედეგადაც საზოგადოებას სახელმწიფო სერვისები უფრო მარტივად მიეწოდება.

„გაგრძელდება სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის იმპლემენტაცია და სახელმწიფო სერვისების გამცემ უწყებებში ახალი სტანდარტების დანერგვა, რის შედეგადაც საზოგადოებას სახელმწიფო სერვისები უფრო მარტივად, ერთიანი სტანდარტით მიეწოდება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.