360° ვიდეო წითელი პლანეტიდან - მარსმავალ „კურიოზიტის“ შთამბეჭდავი კადრები
19:45, 11.02.2019
მარსის ვერა რუბინის ქედის წელიწადზე მეტი ხნის კვლევის შემდეგ, ნასას მავალი „კურიოზიტი“ მისიას განაგრძობს. ახალ, 360 გრადუსიან ვიდეოში ასახულია მის მიერ ბოლოს შესწავლილი ზონა, რომელსაც მავალი საგულდაგულოდ ბურღავდა. ვიდეო აწყობილია მავალის მიერ 19 დეკემბერს გადაღებული პანორამისგან. ასევე მოიცავს დანიშნულების შემდეგი ადგილის ფოტოებსა და გეილის კრატერს, რომელშიც აღმართულია შარპის მთა. ამ მთას „კურიოზიტი“ 2014 წლიდან იკვლევს.
მართალია, მავალმა ვერა რუბინის ქედი უკვე დატოვა, მაგრამ მეცნიერთა ჯგუფი მის მიერ გამოგზავნილ მონაცემებს ჯერ კიდევ აგროვებს. ამ ეტაპზე უცნობია, როგორ გაუძლო ქედმა ეროზიას მაშინ, როცა მის გარშემო არსებულმა ზონამ ეს ვერ შეძლო.
ვერა რუბინის ქედს აქტიურად სწავლობს მარსის ორბიტაზე მოძრავი ნასას ხომალდიც. თანამგზვრმა იქ ჰემატიტის ძლიერი კვალი გამოავლინა; რკინით მდიდარი ეს მინერალი ხშირად წყალში წარმოიქმნება. ჰემატიტის არსებობა „კურიოზიტიმაც“ დაადასტურა და ასევე იპოვა წარსულში არსებული წყლის სხვა ნიშნები, მაგალითად, კრისტალები.
„კურიოზიტის“ შემდეგი დანიშნულების ადგილია რეგიონი, რომელსაც „გლენ-ტორიდონს“ უწოდებენ. იგი ვერა რუბინის ქედსა და შარპის მთას შორის მდებარეობს. როგორც ორბიტერის მონაცემები მიუთითებს, იქ არსებული ქანები შეიცავს ფილოსილიკატებს — თიხოვან მინერალებს, რომლებიც წყალში წარმოიქმნება და რომლებმაც შესაძლოა, მეცნიერებს ძალიან ბევრი რამ უამბოს გეილის კრატერში ერთ დროს არსებულ უძველეს ტბებზე.
2012 წლის შემდეგ, „კურიოზიტიმ“ გაბურღვისას ქანებში არაერთხელ იპოვა ორგანული მოლეკულები და თიხოვანი მინერალები. ორგანული მოლეკულები სიცოცხლის სამშენებლო მასალაა. თუკი ამ ქანების წარმოქმნის პროცესში არსებობდა როგორც წყალი, ისე ორგანული მოლეკულები, ეს რეგიონი შესაძლოა, უძველესი მარსის სიცოცხლისათვის ხელსაყრელი გარემოს ბრწყინვალე მაგალითი იყოს — ადგილი, სადაც ერთ დროს იქნებ თავად სიცოცხლეც ყვაოდა.