თამაზ ნავერიანი ნინია კაკაბაძის კანდიდატურისთვის ხმის მიცემის გამო ბოდიშს იხდის
თამაზ ნავერიანი ნინია კაკაბაძის კანდიდატურისთვის ხმის მიცემის გამო ბოდიშს იხდის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი აცხადებს, რომ ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის განცხადება პატრიარქის შესახებ აუცილებლად იქონიებდა გავლენას მის გადაწყვეტილებაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში კაკაბაძის არჩევისას გამართული კენჭისყრის დროს.

თამაზ ნავერიანი საზოგადოებას პატიებას სთხოვს და სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს:

„მინდა, გამოვეხმაურო პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ნინია კაკაბაძის არჩევასთან დაკავშირებით მასმედიაში ხელოვნურად აგორებულ აჟიოტაჟს.

მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, კარგად მაქვს გააზრებული ჩემი როლი და პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე და ყოველთვის გავემიჯნები უადგილო პოპულიზმს, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს გუნდის ერთიანობას და სახელმწიფო ინტერესებს. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საქმე გვაქვს სწორედ ასეთ აჟიოტაჟზე გათვლილ პროვოკაციულ მოქმედებასთან საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან, რომელიც ხელოვნურად მანიპულირებდა კანონით მისთვის მინიჭებული კვოტით. უმცირესობა ამაოდ ცდილობს ჩვენს გუნდში განხეთქილების შეტანას და ამ მიზნით თავს გვახვევს იაფფასიან დილემას: უნდა ავირჩიოთ მიუღებელი კანდიდატებიდან ერთ-ერთი და რადგან სასწორის მეორე პინაზე დგას კანონისმიერი ვალდებულება და სახელმწიფო ინტერესები, ჩვენ ვიღებთ გამოწვევას და ვაკეთებთ არჩევანს. ჩვენ ოპონენტს ვერ მივცემთ საშუალებას, წარმოადგინოს სურათი ისე, თითქოს ჩვენთვის მიუღებელია განსხვავებული აზრის არსებობა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში და ამის გამო ვბლოკავთ მათ მიერ შემოთავაზებულ კანდიდატებს. ნინია კაკაბაძეზე უკეთეს კანდიდატურას უმცირესობა ვერ/არ წარმოადგენდა და ნებისმიერი სხვა კანდიდატიც იქნებოდა ზუსტად იმ „ფასეულობათა“ მატარებელი, რომელიც მიუღებელია საზოგადოების უმრავლესობისათვის – როგორც წესი, ეს ადამიანები ღიად უპირისპირდებიან ქართულ ეროვნულ ტრადიციებს და გააჩნიათ მკვეთრად გამოხატული მიუღებლობა მართლმადიდებლური ეკლესიისა და საქართველოს პატრიარქის მიმართ. ცხადია, როგორც ნებისმიერმა თქვენგანმა, მეც ვიცოდი ქალბატონ ნინია კაკაბაძის ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ ეკლესიის მიმართ – ასეთი „განსაკუთრებული აზრი“ კარგი ტონის წესად ითვლება მისი წრის სხვა ადამიანებში. თუმცა, არასოდეს გამორჩეული ყურადღება არ დამითმია ამ ქალბატონის ცალკეული განცხადებებისთვის, რადგან მსგავსი სიბინძურე ხშირად ისმის ეკრანებიდან. ვაღიარებ, რომ ნამდვილად არ მქონდა მოსმენილი კაკაბაძის ასე მკვეთრად გამოხატული, უტიფარი განცხადება საქართველოს ეკლესიის მეთაურის მიმართ, რომელიც სცილდება ყოველგვარი ეთიკის ჩარჩოებსაც კი და უკიდურესად შეურაცხყოფს ყველა მორწმუნე ადამიანის უსპეტაკეს გრძნობებს.

შესაძლოა, ახლა უადგილოა ამაზე საუბარი, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ის მძაფრი და სულის შემძვრელი გრძნობა, რაც დამეუფლა ამ ქალბატონის ცნობილი განცხადების დაგვიანებით მოსმენის შემდეგ, აუცილებლად იქონიებდა გავლენას ჩემს გადაწყვეტილებაზე კენჭისყრის დროს. საზოგადოებას ვთხოვ, ქრისტიანული სულგრძელობით გაზომოს ჩემი ნაბიჯები და მომიტევოს უნებლიე შეცდომა.
უფალმა ყველას მოგვიტევოს შეცოდებები. წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, – წერს თამაზ ნავერიანი „ფეისბუქში“.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგ წავიდა.