თამაზ ნავერიანი - ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მარნეულში ინფიცირებული ადამიანი არ გვყავს, ეს სასიხარულოა
თამაზ ნავერიანი - ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მარნეულში ინფიცირებული ადამიანი არ გვყავს, ეს სასიხარულოა

მარნეულის მუნიციპალიტეტში დღემდე 83 000-მა ადამიანმა გაიარა თერმოსკრინინგი, მოქალაქეების შემოწმება ამ დროისთვისაც მიმდინარეობს, – ამის შესახებ მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თამაზ ნავერიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მარნეულში კორონავირუსით ინფიცირება არ დაფიქსირებულა.

„ისევ მიმდინარეობს მოქალაქეების შემოწმება. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ჩვენ ინფიცირებული ადამიანი არ გვყავს მარნეულში. ეს არის სასიხარულო და ამას ყველა დადებითად აღვიქვამთ. მუშაობენ სტრუქტურები, რომლებიც აუცილებლად ყოველდღიურ რეჟიმში ხალხთან უნდა იყვნენ, მუშაობენ ძალიან კარგად და კოორდინირებულად. მიმდინარეობს სურსათისა და კვების პროდუქტების მომარაგება, შეჭირვებული ოჯახების დახმარება, რომლებიც ჩვენ გვყავს მარნეულში. ეს პროცესი ძალიან კარგად და დალაგებულად მიმდინარეობს. ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. შევაჯამებდი ამ ფორმით, რომ ჩვენ დღეს ფაქტიურად პროცესი არ გაგვქცევია და ვაკონტროლებთ ყველაფერს“, – განაცხადა დეპუტატმა.

ნავერიანის შეფასებით, მარნეულის მუნიციპალიტეტი სრულ კონტროლს ექვემდებარება.

„ვფიქრობთ, თუ ასე გაგრძელდა, ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ. სოფელშიც და ქალაქშიც მივაღწიეთ იმას, რომ გარეთ ხალხის სიმცირე ნამდვილად იგრძნობა დღეს. მოვუწოდებ საზოგადოებას, დარჩნენ სახლში, გაითვალისწინონ მოთხოვნები, რომლებიც რეგულაციებით არის განსაზღვრული. მოსახლეობას მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია ყველა სოფელსა და ქალაქ მარნეულშიც“, – განაცხადა დეპუტატმა.