თავიდან ყველა სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ ილონ მასკის „სფეის იქსმა“ მოლოდინს გადააჭარბა — 27 მაისს, კომპანია ნასას ორ ასტრონავტს კოსმოსში გაიყვანს, რაც აშშ-დან განხორციელებული პირველი პილოტირებული კოსმოსური ფრენა იქნება ბოლო ცხრა წლის განმავლობაში.
გაშვება ფლორიდიდან, კენედის კოსმოსური ცენტრიდან მოხდება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენიმე თვე დახურული იყო. პროცესს ადგილზე დააკვირდება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ხომალდ Crew Dragon-ს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან რაკეტა „ფალკონ 9“ წაიყვანს. პროცესის ყურება ინტერნეტში, პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი.
ნასას კომერციული ეკიპაჟის პროგრამა, რომლის მიზანიც იყო კერძო კოსმოსური ხომალდის შექმნა ამერიკელ ასტრონავტთა კოსმოსში გასაყვანად, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს დაიწყო.
თუმცა, მისი მემკვიდრე მას ამერიკის კოსმოსში დომინირების აღდგენის სიმბოლოდ ხედავს, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო თვალსაზრისით.
ტრამპმა ნასას 2024 წლისთვის მთვარეზე დაბრუნებაც უბრძანა; ამ დროისთვის ეს სავარაუდოდ ვერ მოესწრება, მაგრამ კოსმოსურმა სააგენტომ ამ მიმართულებით მუშაობა ნამდვილად დააჩქარა.
საერთაშორისო კოსმოსური სადგური ერთადერთი კოსმოსური ხომალდია, რომლის პირველი კომპონენტებიც 22 წლის წინ ნასამ და რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ ერთობლივად შექმნეს; მას შემდეგ, სადგურზე მუდმივად არიან ასტრონავტები.
სამი ათწლეულის განმავლობაში, ნასა კოსმოსში ასტრონავტების გასაყვანად შატლის პროგრამას იყენებდა, რომელიც მოიცავდა უზარმაზარ და უკიდურესად კომპლექსურ ხომალდებს.
თუმცა, პროგრამის ფარგლებში განხორციელებული 135 ფრენის ღირებულებამ უზარმაზარი თანხა — 200 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; მოხდა ორი ფატალური ინციდენტიც, რამაც საბოლოოდ, პროგრამის დახურვა გამოიწვია. უკანასკნელი შატლი, სახელად „ატლანტისი“, ხმელეთზე ბოლოს 2011 წლის 21 ივლისს დაეშვა.
ამის შემდეგ, ნასა იძულებული გახდა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გაგზავნა რუსეთის რაკეტა „სოიუზით“ დაეწყო ყაზახეთიდან, ბაიკონურის კოსმოდრომიდან. ამ თანამშრომლობამ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობასაც გაუძლო.
თუმცა, ეს პარტნიორობა მხოლოდ დროებითი იყო და ნასამ თანამშრომლობა ორ კერძო კომპანიასთან დაიწყო — საავიაციო გიგანტ „ბოინგთან“ და დამწყებ „სფეის იქსთან“; მიზანი ისეთი კაფსულების შექმნა იყო, რომლებიც შატლებს ჩაანაცვლებდა.
ცხრა წლის შემდეგ, 2002 წელს ილონ მასკის მიერ დაარსებული „სფეის იქსი“ ამ მისიის შესასრულებლად უკვე მზადაა.
28 მაისს, თბილისის დროით 00:33 საათზე (27 მაისი, 20:33 GMT), „სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ 9“ და მასზე მიმაგრებული კაფსულა Crew Dragon მიწას მოსწყდება.
ხომალდის შესაქმნელად, 2011 წელს ნასამ „სფეის იქსთან“ 3$ მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა.
კაფსულაში ისხდებიან 49 წლის რობერტ ბენკენი და 53 წლის დაგლას ჰარლი. ორივე მათგანი გამოცდილი ასტრონავტია; გარდა ამისა, სწორედ ჰარლი იყო შატლ „ატლანტისის“ უკანასკნელი ფრენის პილოტი.
ცხრამეტი საათის შემდეგ, ისინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადასხდებიან, სადაც მათ ორი რუსი და ერთი ამერიკელი ასტრონავტი დახვდება.
ამინდის გაუარესების შემთხვევაში, გაშვება 30 მაისისთვის გადაიდება. გაშვებისთვის მზადყოფნას დაგეგმილზე ხუთი წლით მეტი დასჭირდა, მაგრამ ამ რბოლაში „სფეის იქსმა“ მაინც დაამარცხა „ბოინგი“.
სატესტო ფრენებმა „ბოინგის“ ხომალდ „სტარლეინერში“ პროგრამული უზრუნველყოფის სერიოზული ხარვეზი გამოავლინა და კომპანია მის გამოსწორებაზე მუშაობს.
„დიდი წარმატებაა. არსებობდა უზარმაზარი სკეპტიციზმი. „ბოინგისა“ და „ლოკჰიდის“ გამოცდილი წარმომადგენლები მეუბნებოდნენ, რომ „სფეის იქსმა“ თავის საქმე არ იცის“, — ამბობს ნასას სილიკონის ველის ეიმსის ყოფილი დირექტორი სკოტ ჰაბარდი, რომელიც ახლა სტენფორდის უნივერსიტეტში ასწავლის.
საბოლოო ჯამში, ამ რბოლაში „სფეის იქსმა“ კონკურენტებს აჯობა; მისი შედარებით იაფი რაკეტა „ფალკონ 9“ პირველია, რომელიც გაშვების შემდეგ კვლავ დედამიწაზე ბრუნდება და ვერტიკალურად ჯდება.
„სფეის იქსის“ კაფსულა „დრაგონის“ სატვირთო ვერსია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ტვირთით 2012 წლიდან ამარაგებს.
პილოტირებული მისია, სახელად Demo-2 ვაშინგტონისთვის ორი რამით არის გადამწყვეტი.
პირველ რიგში, ის ნასას რუსეთზე დამოკიდებულებისგან გაათავისუფლებს. მეორე კი ის არის, რომ ტურისტებსა და ბიზნესმენებს გაუხსნის დედამიწის დაბალი ორბიტის ბაზარს.
„მომავალში ვხედავთ იმ დღეს, როდესაც დედამიწის დაბალ ორბიტაზე ათეულობით კოსმოსური ხომალდი გვექნება. ყველა მათგანი კომერციული ინდუსტრიის იქნება“, — ამბობს ნასას ხელმძღვანელი ჯიმ ბრაიდენსტაინი.
ამასობაში კი მასკი უფრო შორს მიდის. იგი აშენებს უზარმაზარ რაკეტას, სახელად Starship-ს, რომლის მიზანიც ძალზედ ამბიციურია — ადამიანების მარსზე წაყვანა და კაცობრიობის მრავალპლანეტურ სახეობად გადაქცევა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.