ბოინგის ხომალდი „სტარლაინერი“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ვერ მიუერთდა, მაგრამ დედამიწაზე უსაფრთხოდ დაჯდა
ბოინგის ხომალდი „სტარლაინერი“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ვერ მიუერთდა, მაგრამ დედამიწაზე უსაფრთხოდ დაჯდა

„ბოინგის“ ახალი, უპილოტო ხომალდი „სტარლაინერი“ დედამიწაზე დაბრუნდა. აპარატი აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს უდაბნოში დაგეგმილზე ექვსი დღით ადრე დაჯდა, რადგან ტექნიკური პრობლემის გამო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ვერ შეუპირაპირდა.

მიუხედავად ამისა, ნასამ ფრენა წარმატებულად შეაფასა. აღსანიშნავია, რომ ეს ფრენა ერთგვარი რეპეტიცია იყო პილოტირებულ მისიამდე.

ნასას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, როგორ გაშალა ხომალდმა სამი დიდი პარაშუტი, შემდეგ სპეციალური ბალიშები და უდაბნოში დაჯდა.

ნასას ხელმძღვანელის, ჯიმ ბრაიდენსტაინის განცხადებით, წააწყდნენ გარკვეულ გამოწვევებს, მაგრამ ბევრი რამ გეგმის მიხედვით წარიმართა.

„სტარლაინის“ კაფსულა 20 დეკემბერს ფლორიდიდან, კანავერალის კონცხიდან გაუშვეს, მაგრამ გამშვებ რაკეტა „ატლას V“-სგან განცალკევებიდან მალევე, მისი ძრავები დაგეგმილ დროს არ გააქტიურდა და შესაბამისად, საკმარისად მაღალ ორბიტას ვერ მიაღწია.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური ორბიტაზე დედამიწის ზედაპირიდან 400 კმ სიმაღლეზე მოძრაობს.

რადგან ხომალდმა ძალიან ბევრი ენერგია დახარჯა, ნასამ და ბოინგი იძულებული გახდნენ, მისთვის დედამიწაზე დაბრუნება ებრძანებინათ.

ნასას განცხადებით, გაიტესტა უმთავრესი კომპონენტები. ეს ფრენა საკვანძო ნაწილი იყო ნასას გეგმისა, რომ აშშ კოსმოსურ გაშვებებში რუსეთზე დამოკიდებულებისგან სამუდამოდ გათავისუფლდეს.

ამ პროგრამით ბოინგი კომერციული ფრენების დანაყოფის შელახული რეპუტაციის აღდგენასაც ცდილობს. საქმე ეხება ხომალდ 737 Max-ის მიერ განცდილ კატასტროფებს. ერთი მათგანი 2018 წლის ოქტომბერში ინდონეზიაში ჩამოვარდა, მეორე კი 2019 წლის მარტში ეთიოპიაში. საერთო ჯამში, ამ ინციდენტებს 346 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ ხომალდის წარმოების შეჩერებას ბოინგი 2020 წლის იანვრიდან გეგმავს.

კაფსულა „კალიფსო“

„სტარლაინერმა“ შეძლო კავშირის დამყარება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან, გატესტა თავის შეპირაპირების მექანიზმი, მზის პანელები, ბატარეები, ძრავები და სითბოს რეგულირების სისტემა.

სიცხისგან დამცავმა ფარმა კაფსულა წარმატებით დაიცვა ატმოსფეროში შემოსვლისას ხახუნის შედეგად 1600 გრადუსამდე გაზრდილი ტემპერატურისგან.

დაშვების დაწყებამდე, „სტარლაინერი“ დედამიწის ორბიტაზე 250 კმ სიმაღლეზე, 28 000 კმ/სთ სიჩქარით.

ნასას განცხადებით, „სტარლაინერი“ ბრწყინვალე პირობებში დაჯდა და მისი შეკეთება უკვე შესაძლებელია შემდეგი სატესტო ფრენისთვის.

კაფსულას „კალიფსო“ ფრანგი მეზღვაურის, ჟაკ-ივ კუსტოს გემის პატივსაცემად უწოდეს.

„სტარლაინერის“ პირველი პილოტირებული ფრენა 2020 წლის დასაწყისში იგეგმება. წარმატების შემთხვევაში, ნასა სამუდამოდ გათავისუფლდება რუსეთის რაკეტა „სოიუზზე“ დამოკიდებულებისგან; პროგრამა „შატლის“ გაუქმების შემდეგ, ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მხოლოდ ამ რაკეტით მიემგზავრებიან.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.