„სფეის იქსის“ ახალმა ხომალდმა უსაფრთხოების გადამწყვეტი ტესტი წარმატებით დაასრულა
„სფეის იქსის“ ახალმა ხომალდმა უსაფრთხოების გადამწყვეტი ტესტი წარმატებით დაასრულა

„სფეის იქსმა“ წარმატებით დაასრულა უპილოტო ხომალდის საავარიო შეწყვეტის სისტემის ტესტირება. ეს გახლდათ ბოლო მთავარი ტესტი ნასას ასტრონავტების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე აყვანამდე.

სატესტო გაშვება ფლორიდის კენედის კოსმოსური ცენტრიდან განხორციელდა, რაკეტა „ფალკონ 9“-ით, რომელშიც ჩამონტაჟებული იყო „სფეის იქსის“ ახალი ხომალდი „ქრიუ დრაგონი“. რაკეტა ისე იყო დაპროგრამებული, თითქოს ორბიტაზე კაფსულას უშვებდა.

გაშვებიდან ერთი წუთისა და 24 წამის შემდეგ, ატლანტის ოკეანის თავზე 19 კმ სიმაღლეზე, როდესაც რაკეტის სიჩქარე 1500 კმ/სთ იყო, საავარიო გაქცევის თანმიმდევრობა ამოქმედდა.

ხომალდმა ჩართო თავის უმძლავრესი „სუპრდრაკო“ ძრავები და რაკეტას გამოეყო.

გამოყოფიდან მალევე, რაკეტა აფეთქდა, როგორც ეს დაგეგმილი იყო.

პილოტირებული მისიის დროს, ეს მანევრი შესრულდება ასტრონავტთა გადასარჩენად იმ შემთხვევაში, თუ რაკეტას მსვლელობისას პრობლემა შეექმნება ან კურსიდან გადაუხვევს.

„ქრიუ დრაგონმა“ ზედა მიმართულებით სვლა მარტომ განაგრძო, მიაღწია 40 კმ სიმაღლეს, შემდეგ კი ბუნებრივი ჩამოსვლა დაიწყო ატლანტის ოკეანეში.

ჩამოსვლის სიჩქარის შესამცირებლად გაიხსნა ოთხი დიდი პარაშუტი; ოკეანეში ხომალდს უკვე ელოდებოდა წინასწარ მომზადებული ჯგუფი. გაშვებიდან ცხრა წუთის შემდეგ, „ქრიუ დრაგონი“ უკვე წყალში იყო, ყოველგვარი დაზიანების გარეშე.

ჩაიარა თუ არა ტესტმა დაბრკოლების გარეშე და არის თუ არა ხომალდი მზად ეკიპაჟიანი მისიებისთვის, ამას ხომალდისა და ფრენის მონაცემების ანალიზი დაადგენს.

თუმცა, ნასას ადმინისტრატორმა ჯიმ ბრაიდენსტაინმა და „სფეის იქსის“ დამფუძნებელმა ილონ მასკმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ტესტირებამ სრულიად წარმატებულად ჩაიარა.

ასეთი შედეგი საკმაოდ იმედისმომცემია „სფეის იქსისა“ და ნასასთვის, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება საიმედო ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების ტრანსპორტირებისათვის.

2011 წლიდან აშშ ამ მხრივ დამოკიდებულია რუსეთის რაკეტა „სოიუზზე“, რომელიც კოსმოსური შატლის პროგრამის გაუქმების შემდეგ ერთადერთი საშუალებაა კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების ასაყვანად.

მსგავსი კონტრაქტი ნასას „ბოინგთანაც“ აქვს, რომელმაც პილოტირებული მისიებისთვის ხომალდი „სტარლაინერი“ შექმნა.

2019 წლის მარტში, „სფეის იქსმა“ „ქრიუ დრაგონით“ წარმატებით შეასრულა ერთკვირიანი ორმხრივი მოგზაურობა კოსმოსურ სადგურთან ეკიპაჟის გარეშე.

პირველი ეკიპაჟირებული მისიის გაგზავნა 2020 წლის მარტში იგეგმება; პირველი მგზავრები იქნებიან ასტრონავტები დოგ ჰერლი და ბობ ბენკენი.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.