26 მაისის საქმის მოწმე - პარლამენტის ეზოში გაზის ბალონები ეყარა, იმდენი იყო, ხალხი იგუდებოდა
26 მაისის საქმის მოწმე - პარლამენტის ეზოში გაზის ბალონები ეყარა, იმდენი იყო, ხალხი იგუდებოდა

პარლამენტის შიგნით, ეზოში შევაღწიეთ, გაზის ბალონები იქაც დაიყარა, იმდენი იყო დაყრილი, ხალხი იგუდებოდა, – 26 მაისის საქმეზე „სახალხო კრების“ წევრი, ზურაბ ბიბლაია იკითხება. ბიბლაიამ 2011 წლის 26 მაისის მოვლენები გაიხსენა.

როგორც მან აღნიშნა, მშვიდობიანი აქციის გამართვის ერთ-ერთი მიზეზი სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა იყო. მოწმემ განმარტა, რომ აქციაზე წყლის ჭავლი და გაზის ბალონები გამოიყენეს. საპროტესტო აქციის დატოვების შესაძლებლობა კი მისივე თქმით, მონაწილეებს არ ჰქონდათ, რადგან ტერიტორია სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მიერ იყო გადაკეტილი.

„ვიყავი „სახალხო კრების“ წევრი და მოთხოვნა გვქონდა სამართლიანი არჩევნების.აქციის მონაწილეები თანამოაზრეები ვიყავით. მშვიდობიანმა აქციამ ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის წინ გადაინაცვლა. საღამოს უკვე დაიწყო დარბევა. დაახლოებით 22:00 საათიდან ხალხი მიმოიფანტა. დარბევამდე გიმნაზიის შენობასთან ვიდექი. მოწოდება დაშლისკენ არ იყო. მე დავრჩი იქ ადგილზე. გადმოცემით ვიცი, რომ რამდენიმე პიროვნება ტერიტორიის დატოვებას ცდილობდა, მაგრამ პერიმეტრი იყო გადაკეტილი სპეცრაზმელების მიერ. სპეცრაზმის მიერ იყო გამოყენებული წყლის ჭავლი, პარალელურად გამოიყენეს გაზი. შევეცადე ტერიტორიის დატოვებას, მაგრამ შავ ფორმაში გამოწყობილ სპეცრაზმელებს ჰქონდათ ტერიტორია გადაკეტილი. როცა გაქცევის საშუალებაც კი აღარ იყო პარლამენტის შიგნით, ეზოში შევაღწიეთ, გაზის ბალონები იქაც დაიყარა, იმდენი იყო დაყრილი, ხალხი იგუდებოდა“, – განაცხადა ბიბლაიამ.

26 მაისის საქმეზე ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი. მათ შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ასევე ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა.