23 აგვისტოს ინდოეთი მთვარეზე ხომალდის დასმას შეეცდება — #1tvმეცნიერება
23 აგვისტოს, ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციის (ISRO) მისია ჩანდრაიან-3 მთვარის ზედაპირზე სტატიკურ ხომალდს და მავალს ჩაუშვებს.
როგორც სახელიც მიუთითებს, ის ინდოეთის მთვარის კვლევების პროგრამის მესამე მისიაა. ჩანდრაიანის წინა ორ ხომალდს რამდენიმე პრობლემა შეექმნა. ინდოეთის კოსმოსური სააგენტო იმედოვნებს, რომ ამჯერად მისია სრულიად წარმატებული იქნება.
საინტერესოა, რას იზამს ჩანდრაიან-3. ცოტა ხნის წინ უკვე ვიხილეთ მთვარის ზედაპირის მშვენიერი სურათები, რომლებიც სტატიკური ხომალდის მოდულის კამერამ გადაიღო. ის წარმატებით გამოეყო პროპულსიის მოდულს — ნაწილს, რომელიც მთვარის ორბიტაზე რჩება. თუმცა, სტატიკური ხომალდისა და მავალის მთავარი ამოცანა იმის ჩვენებაა, რომ ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციას მთვარეზე დაშვება წარმატებით შეუძლია.
სტატიკურ ხომალდს ოთხი ძირითადი სამეცნიერო ინსტრუმენტი აქვს, მათ შორი არის თერმული და ატმოსფერული ინსტრუმენტები, ასევე ლაზერული რეტრორეფლექტორის ნაკრები. ეს რეფლექტორები დედამიწიდან მთვარემდე მანძილს მაღალი სიზუსტით ზომავს. ეს ხომალდი ასევე გაზომავს მთვარის სეისმურ ბიძგებს, სუსტ სეისმურ აქტივობას, რომელიც მთვარეზე თვეებში ერთხელ ხდება.
სიჩქარე, რომლითაც მთვარეზე სეისმური ტალღები ვრცელდება, შეიძლება გამოვიყენოთ მისი სიმკვრივის დასადგენად; მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ უფრო ზუსტად გამოთვლიან მთვარის ქერქის სიღრმეს.
სამეცნიერო ინსტრუმენტთა პაკეტს შეიცავს მავალიც. მისი მთავარი მიზანი მთვარის ზედაპირის შემადგენლობის გარკვევაა, რისთვისაც ის რენტგენულ სპექტრომეტრიას გამოიყენებს.
წინა მცდელობები
პროგრამის პირველი მისია, ჩანდრაიან-1, 2008 წელს გაუშვეს. შემდეგი ორივე მისია ამ ხომალდის ტექნოლოგიას ეფუძნება. შედგებოდა თანამგზავრისა და ზონდისგან, რომელიც ზედაპირზე მაღალი სიჩქარით უნდა დამჯდარიყო.
მუშაობის პირველ წელს, ორბიტაზე მოძრავმა ხომალდმა ნაყოფიერი სამუშაო შეასრულა და მთვარის რუკა სხვადასხვა ტალღის სიგრძეებში შექმნა. არკვევდა მთვარის ზედაპირის შემადგენლობას, ფოკუსირებული იყო ისეთ ელემენტებზე, როგორებიც არის კალციუმი, მაგნიუმი და რკინა.
თუმცა, ალბათ ყველაზე წარმატებული შედეგი მთვარეზე დარტყმის ზონდთან ერთად მოქმედებას ჰქონდა. ეს გახლდათ პლანეტური შეჭრის ინსტრუმენტი, ალუმინში შეფუთული რამდენიმე ინსტრუმენტი, რომელიც თანამგზავრმა მთვარისკენ ისროლა.
მიზანი მთვარის სამომავლო მავალისთვის მომზადება იყო; თუმცა, ზონდის წყალობით, ორბიტერმა მთვარის ზედაპირზე თხევადი წყალიც დააფიქსირა. დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ იქ ყინულის სახით არსებობდა, მთვარის პოლუსების დაჩრდილულ კრატერებში.
მაღალი სიჩქარით დარტყმამ მთვარის ზედაპირიდან ატმოსფეროში დიდი ოდენობით ნაწილაკი მიმოფანტა. იმის ანალიზით, თუ როგორ ფანტავს მზის სინათლეს ამ ნაწილაკებს, შესაძლებელია მათი ქიმიური შემადგენლობის დადგენა.
მისია ჩანდრაიან-1 წარმატებულად შეფასდა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მისიასთან კონტაქტი დაგეგმილი დროის სადღაც შუაში გაწყდა.
ჩანდრაიანის მეორე მისიის მიზანი მთვარის ზედაპირზე სტატიკური ხომალდისა და მავალის დასმა იყო. ორბიტერმა მთვარეს 2019 წელს მიაღწია და ზედაპირზე სტატიკური ხომალდი „ვიკრამი“ და მავალი „პრაგიანი“ ჩაუშვა 2,5 კვირის შემდეგ.
სამწუხაროდ, მოხდა ჩანდრაიან-1-ის მსგავსი ინციდენტი — გაწყდა კავშირი, რის გამოც, ჯამში თითქმის 1,5 ტონა მასა მთვარის ზედაპირს შეასკდა.
მესამე მისია
აიცილებს თუ არა მესამე მისია წინა ორის ბედს? სხვათა შორის, ყველაფერი საკმაოდ იმედისმომცემად გამოიყურება. მისია 2023 წლის 14 ივლისს გაუშვეს და დედამიწასთან კვლავ კავშირზეა.
თუმცა, სტატიკური ხომალდისა და მავალის მთვარეზე ჩაშვება ნამდვილი ტესტი იქნება. წარმატების შემთხვევაში, ინდოეთი მსოფლიოს მეოთხე ქვეყანა გახდება, რომელმაც მთვარეზე მუშა მავალი დასვა; ამ დროისათვის, ეს მხოლოდ საბჭოთა კავშირმა, აშშ-მა და ჩინეთმა შეძლეს.
მისია 75 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა, რაც საკმაოდ დაბალი ბიუჯეტია. შედარებისათვის — დაახლოებით ამდენივე ჯდება SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ის გაშვება.
NASA-ს ბოლო მისია „არტემისის“ ბიუჯეტი 800 მილიონი დოლარია.
უნდა აღინიშნოს, რომ ინდოეთის ორბიტერი ჩანდრაიან-2 დღემდე მუშაობს მთვარის გარშემო ორბიტაზე.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.