2029 წელს დედამიწას ახლოს ჩაუვლის გიგანტური ასტეროიდი, რომელიც შეიძლება, ჩვენმა პლანეტამ სრულიად შეცვალოს — #1tvმეცნიერება
14:22, 13.11.2024
ასტეროიდი, რომელსაც ძველეგვიპტური წყვდიადისა და ქაოსის ღმერთის სახელი ჰქვია, შეიძლება, დედამიწისთვის კი არ წარმოადგენდეს საფრთხეს, არამედ პირიქით, დედამიწა იქცეს მისთვის საფრთხედ.
2029 წელს, ასტეროიდი აპოფისი დედამიწას ახლო მანძილზე ჩაუვლის და სავარაუდოდ, ორ სხეულს შორის გრავიტაციული ურთიერთქმედება დრამატულად შეცვლის ასტეროიდის ზედაპირს.
ასეთია დასკვნა გამოძიებისა, რომელიც ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს პლანეტური მეცნიერის, რონალდ ბალოუზის ხელმძღვანელობით. მკვლევართა აზრით, მათ მიერ მიღებულმა შედეგებმა შეიძლება ახსნას, რატომ აქვს ზოგიერთ ასტეროიდს იმაზე ახალგაზრდა ზედაპირი, ვიდრე მათი რეალური ასაკია.
99942 აპოფისი საშიში ასტეროიდია. ის 2004 წელს აღმოაჩინეს და როგორც გამოთვალეს, დიამეტრი 335 მეტრია. მისი ტრაექტორია ცხადყოფს, რომ 2029 წელს, არსებობს შანსი, რომ დედამიწას შეეჯახოს.
უკეთესი გათვლებისთვის, მეცნიერებმა მას შემდეგ არაერთი კვლევა-გაანგარიშება ჩაატარეს. შედეგად დაადგინეს, რომ 2029 წელს ის ჩვენს პლანეტას 32 000 კილომეტრის მანძილზე ჩაუვლის, მაგრამ შემდეგ საუკუნეში შეჯახების შანსი საერთოდ აღარ არსებობს.
რაც შეეხება თავად 99942 აპოფისს? გაექცევა თუ არა დედამიწას ხელუხლებელი? ბალოუზისა და მისი ჯგუფის დაკვირვებების თანახმად, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდებს, როგორიც თუნდაც 99942 აპოფისია, ორი მახასიათებელი აქვთ. მათი ზედაპირი ფხვიერი და კენჭებიანია; და უფრო ნაკლებად აღენიშნებათ კოსმოსში მოძრაობის შედეგად „ცვეთა“, ვიდრე ასტეროიდებს, რომლებიც პლანეტებთან ახლოს ჩაივლიან.
ეს ამბავი უცნაურია. მიჩნეულია, რომ ასტეროიდთა უმეტესობა შედგება მზის სისტემის ადრეულ დღეებში, 4,5 მილიარდი წლის წინ ერთად შეჯგუფებული მასალებისგან. მას შემდეგ, ისინი დიდად არც შეცვლილან. სწორედ ამიტომ იგზავნება მათთან ზონდები ნიმუშების ასაღებად — მიჩნეულია, რომ მათი მასალა სწორედ ის ხელუხლებელი მატერიაა, რომლისგანაც პლანეტები წარმოიქმნა.
თუმცა, თუნდაც კოსმოსში ასე შენთვის იყო დაკიდებული, ცვლილებები მაინც გარდაუვალია. მზის ქარი, მზის რადიაცია, მიკრომეტეოროიდების ცვენა — ატმოსფეროს გარეშე დაუცველ ზედაპირს ცვლის. ბალოუზს და მის ჯგუფს აინტერესებდა, არსებობს თუ არა კავშირი დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდთა უფრო ახალგაზრდულ შესახედაობასა და პლანეტასთან ამ სიახლოვეს შორის.
ამის გასარკვევად, მათ აპოფისის დედამიწასთან ჩავლის მოდელირება ჩაატარეს. დანამდვილებით არ ვიცით ამ ასტეროიდის ფორმა, მაგრამ ხელთ არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ ის ორნაწილიანია; სავარაუდოდ, ერთმანეთთან ორი სხვადასხვა სხეულია შეერთებული, კარტოფილის ფორმის ასტეროიდ 25143 იტოკავას მსგავსად.
ამიტომ, იტოკავა საბაზისო მოდელად აიღეს და შემადგენლობის საფუძველზე შეისწავლეს, რა დაემართებოდა მას სამოდელო დედამიწასთან ახლოს გავლისას. აღმოჩნდა, რომ დედამიწის გრავიტაციას მართლაც შეიძლება ხელშესახები ეფექტი ჰქონდეს 99942 აპოფისზე.
ყველაზე მყისიერი ეფექტი მაშინ დაიწყება, როდესაც ასტეროიდი დედამიწას ყველაზე ახლო წერტილში მოუახლოვდება. ამ დროს, აპოფისზე ხანმოკლე სეისმურ მოვლენათა სერია დაიწყება. მათი დაფიქსირება შესაძლებელი იქნება და წარმოქმნის ასტეროიდის გრავიტაციის მსგავსი სიდიდის ზედაპირულ აჩქარებებს.
დედამიწაზე განთავსებული ინსტრუმენტებით შესაძლებელი იქნება ასტეროიდის ზედაპირზე ლოდების აწევა-დაწევის შედეგად წარმოქმნილ მახასიათებელთა დაფიქსირება.
მეორე ეფექტი უფრო გრძელვადიანი იქნება. დედამიწასთან მოახლოებისას, გრავიტაციულმა ურთიერთქმედებამ შეიძლება ასტეროიდის ბრუნვა შეცვალოს. დროთა განმავლობაში, როცა ასტეროიდი მზის გარშემო მოძრაობას გააგრძელებს მაგრამ საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის ახალი მაჩვენებლით, ზედაპირი შეიძლება მოცურდეს და ათობით ათასობით წლის განმავლობაში, ახალი ფორმაც მიიღოს.
2010 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ასტეროიდის ბრუნვის მაჩვენებლის შეცვლისთვის საჭირო მაქსიმალური მანძილი ჩვენი პლანეტიდან 16 დედამიწის რადიუსზე, ანი 102 000 კილომეტრზე ჩავლაა. 99942 აპოფისი დედამიწას ამაზე გაცილებით ახლოს ჩაუვლის და შესაბამისად, ძალიან მაღალია მისი ზედაპირის შეცვლის შანსი. შეიძლება ვერ შევამოწმოთ, მართლაც შეიცვლება თუ არა ის, მაგრამ შეგვეძლება გავზომოთ ასტეროიდის ბრუნვის მაჩვენებელი.
დედამიწასთან ასე ახლოს ჩავლისას, ეს ასტეროიდი შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდება და მეცნიერებს უდიდესი შანსი ექნებათ დეტალურად შესასწავლად.
კვლევა The Planetary Science Journal-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.