2021 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ განიხილავენ
საქართველოს პარლამენტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის ფრაქციების ფორმატში განხილვა გრძელდება. ბიუჯეტის პროექტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე დღეს ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ წარუდგენს.
„ბიუჯეტის განხილვის პროცესში ორი მნიშვნელოვანი მომენტი უნდა იქნას გათვალისწინებული. პირველი ეს გახლავთ მზარდი რისკები თავად „კორონასთან“ დაკავშირებით და 2021-2024 წლების მაკროეკონომიკური პროგნოზი, რომელიც სავალუტო ფონდმა უნდა გააკეთოს და ეს პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება. სწორედ ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით მოხდება ბიუჯეტის დაკორექტირება. დღევანდელი ბიუჯეტის პირველად ვერსიაში კი ჩვენ ვხედავთ, რომ არის სხვადასხვა მხარჯველი სუბიექტების ბიუჯეტი დაახლოებით იმ ციფრებით წარმოდგენილი, როგორც ეს 2020 წლის ცვლილებამდე იყო. სწორედ ამით არის ეს განპირობებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ 72 მილიონით ბიზნესის მხარდაჭერას, ვხედავთ 15 მილიონით სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას, 20 მილიონს გრანტებისთვის, შენარჩუნებულ დაპირებას პენსიებთან დაკავშირებით“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 1 147.6 მილიონი ლარით იზრდება. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ხარჯვითი ნაწილი 17 მილიარდ ლარს შეადგენს. მთავარი საფინანსო დოკუმენტის წინასწარი ვარიანტის მიხედვით, გათვალისწინებულია პედაგოგთა ნაწილის ხელფასების ზრდა, ასევე პენსიებთან დაკავშირებული ახალი სისტემა, რაც ნიშნავს, რომ პენსიის ზრდა ინფლაციაზე იქნება მიბმული. ამ ეტაპზე 2021 წლის ბიუჯეტში ასახული არ არის „კოვიდ-19“-ით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, აღნიშნული ხარჯები 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში აისახება.
ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტის განხილვა მე-9 მოწვევის პარლამენტმა დაიწყო და არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებული ახალი პარლამენტი გააგრძელებს.