2019 წელი მალე ისტორიას ჩაბარდება და დროა, თვალი გადავავლოთ ამ წლის რამდენიმე გამორჩეულ ამბავს კოსმოსურ მეცნიერებაში.
დაწყებული პლანეტით, რომლის ცაზეც სამი მზე ანათებს, გასულ წელს კიდევ რამდენიმე გასაოცარი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. წარმოგიდგენთ მათ შორის 10 ყველაზე გამორჩეულს.
ტიგარდენის ვარსკვლავი
2019 წლის ივნისში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ჩვენგან 12,5 სინათლის წლის მანძილზე მდებარე წითელ ჯუჯა ვარსკვლავთან, რომელსაც ტიგარდენის ვარსკვლავსაც უწოდებენ, აღმოჩენილია დედამიწის მსგავსი ორი პლანეტა.
ახლად აღმოჩენილი ერთი პლანეტა დედავარსკვლავის გარშემო ერთ შემოვლას 4,9 დღეს ანდომებს, მეორე კი 11,4 დღეს. მიუხედავად ასეთი სიახლოვისა, ტიგარდენის ვარსკვლავი საკმაოდ მკრთალია და ისინი მაინც სასიცოცხლო ზონაში მოძრაობენ — ვარსკვლავისგან იმ მანძილზე, სადაც შესაძლებელია, რომ მათ ზედაპირზე შენარჩუნდეს თხევადი წყალი.
პლუნეტები
ვინ თქვა, რომ კოსმოსი თვალწარმტაცი არ არის? 2019 წლის ივლისში, მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელშიც შეისწავლიდნენ მოხეტიალე ეგზომთვარეების კლასს. მკვლევართა მიერ აღწერილი სცენარის მიხედვით, ეს ეგზომთვარეები თავიანთ დედაპლანეტების გრავიტაციას მოსწყდნენ და დედავარსკვლავის მიმართულებით დაიძრნენ.
ამის შემდეგ, ისინი აღარც ეგზომთვარეები არიან, მაგრამ არც ეგზოპლანეტები, შესაბამისად, სჭირდებათ სპეციალური სახელი. მკვლევრებმა მათ მართლაც საზრიანი სახელი შეურჩიეს — პლუნეტა.
ამ დროისათვის, პლუნეტები დიდწილად თეორიული ობიექტებია, მაგრამ როგორც მკვლევრებმა გაარვიეს, დედავარსკვლავისკენ მათი მოგზაურობა გარკვეულ სიგნალს უნდა ტოვებდეს. მათივე აზრით, სწორედ პლუნეტებით უნდა აიხსნას ზოგიერთი ვარსკვლავის სინათლეში შემჩნეული უცნაურობები.
სამი მზე!
ნასას კოსმოსურ ტელესკოპ TESS-ის დახმარებით, მეცნიერებმა სამვარსკვლავიან სისტემაში აღმოაჩინეს უცნაური ეგზოპლანეტა, რომლის ზედაპირზეც ტემპერატურა 160 გრადუსი ცელსიუსია. ეგზოპლანეტას LTT 1445Ab უწოდეს და მდებარეობს ჩვენგან 22,5 სინათლის წლის მანძილზე. სისტემის ერთ-ერთ ვარსკვლავს გარს უვლის ყოველ ხუთ დღეში ერთხელ, დანარჩენი ორი წითელი ჯუჯა ვარსკვლავი კი პლანეტის ცაში უბრალოდ ანათებს.
მეცნიერთა განცხადებით, ეს ეგზოპლანეტა ბრწყინვალე კანდიდატი იქნება მომავალი ატმოსფერული კვლევებისთვის. ასტრონომთა აზრით, მასზე დაკვირვება მიწისპირა ტელესკოპებითაც იქნება შესაძლებელი.
გაზის პლანეტა ორი მზით
2019 წლის მარტში, ტელესკოპ TESS-ის მიერ გამოგზავნილ მონაცემებში ასტრონომებმა აღმოაჩინეს ახალგაზრდა გაზოვანი პლანეტა, რომლის ასაკიც მხოლოდ 43 მილიონი წელია. ეგზოპლანეტას DS Tuc Ab უწოდეს და ყოველ რვა დღეში ერთხელ გარს უვლის ორვარსკვლავიანი სისტემის ერთ-ერთ ვარსკვლავს.
იმის გამო, რომ DS Tuc Ab შედარებით ახალგაზრდაა, ის მეცნიერების განსაკუთრებული ინტერესის საგანია, რადგან შეუძლია ბევრი რამ გვითხრას მზის სისტემის პლანეტების ფორმაციის შესახებაც. მაგალითად, დედავარსკვლავის რადიაციის გამო, DS Tuc Ab ჯერ კიდევ კარგავს ატმოსფერულ გაზებს.
GJ 357 d — სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტა?
2019 წლის ივლისში, TESS-ის მონაცემებში მეცნიერებმა პოტენციურად სიცოცხლისთვის ხელსაყრელი რამდენიმე ეგზოპლანეტა იპოვეს. მათ შორის იყო სამი ეგზოპლანეტა ჩვენგან 31 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ჯუჯა ვარსკვლავ GJ 357-ის სისტემაში.
მათგან ორი პლანეტა, GJ 357 c და d სუპერდედამიწის ტიპისაა, ანუ დედამიწაზე ცოტათი დიდები. Გარდა ამისა, GJ 357 b ე. წ. ცხელი დედამიწის ტიპისაა, ანუ მისი ზედაპირი ჩვენი პლანეტისაზე გაცილებით ცხელია.
განსაკუთრებული ყურადღება კი მიიპყრო პლანეტა GJ 357 d-მ, რადგან შეიძლება, ის სასიცოცხლო ზონაში მდებარეობდეს. დედავარსკვლავის გარშემო ის ყოველ 55 დღეში ერთხელ მოძრაობს.
თოვლის გუნდების შანსი
მეცნიერებმა ღრმად ჩაიხედეს დედამიწის „ბავშვობის წიგნში“, რათა უფრო მეტი რამ გაერკვიათ პლანეტების იმ სახეობის შესახებ, რომელსაც „თოვლის გუნდას“ უწოდებენ. არსებობის რაღაც მონაკვეთში, თოვლის გუნდები შეიძლება გრავიტაციულად ჩაკეტილი გახდნენ დედავარსკვლავის მიმართ, ანუ ერთი მხარე მუდმივად ვარსკვლავისკენ მოექცეს, მეორე კი პირიქით. შედეგად, ამ მხარეს შეიძლება წარმოიქმნას უზარმაზარი ოკეანე.
ახალგაზრდობაში, „თოვლის გუნდას“ ფაზა დედამიწამაც გაიარა. ამ ფაქტის გამო, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ თოვლის გუნდა ეგზოპლანეტები შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს. 2019 წლის კვლევის თანახმად, მათ ეს იმაზე უკეთ შეუძლიათ, ვიდრე აქამდე გვეგონა.
კვლევა ფოკუსირებული იყო ასეთი პლანეტების ხმელეთზე. როგორც გაირკვა, შიდა ზონებში თოვლის გუნდა პლანეტებს შეიძლება შედარებით ზომიერი ტემპერატურა ჰქონდეთ, 10 გრადუსი ცელსიუსი ან მეტი, სადაც შეიძლება ადვილად განვითარდეს დედამიწის მსგავსი სიცოცხლე.
ფეხბურთის ბურთის მსგავსი პლანეტა
2019 წლის აგვისტოში, ასტრონომებმა აღმოაჩინეს ფეხბურთის ბურთის მსგავსი პლანეტა, რომელიც ატმოსფეროს ძალიან მაღალი მაჩვენებლით სწრაფად კარგავს; იკარგება მძიმე ლითონებიც, მაგალითად, რკინა და მაგნიუმი. ამ დიდ, გაბერილ პლანეტას WASP-121b უწოდეს და მიეკუთვნება ე. წ. ცხელი იუპიტერის ტიპს. თავის დედავარსკვლავის გარშემო ის იმდენად ახლო მანძილზე მოძრაობს, რომ მისი ტემპერატურა ამჟამად ჩვენთვის ცნობილი ყველა პლანეტისაზე მაღალია და ატმოსფეროს ზედა ნაწილაში 4600 გრადუს ცელსიუსს აღწევს.
დედავარსკვლავთან სიახლოვე არა მხოლოდ აცხელებს ეგზოპლანეტას, არამედ ბურთის მსგავს ამოზნექილობასაც აძლევს, რადგან მისი გრავიტაცია პლანეტას პირდაპირ ფლეთს. მეცნიერებმა თავდაპირველი დაკვირვებები ნასას ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით ჩაატარეს, მაგრამ ასევე გეგმავენ, დეტალურად შეისწავლონ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპითაც, რომელიც 2021 წელს გაეშვება.
წყალი ეგზოპლანეტის ატმოსფეროში
2019 წლის სექტემბერში, მეცნიერები ერთმანეთს ასწრებდნენ, რათა მსოფლიოსთვის ეცნობებინათ ეგზოპლანეტაზე წყლის ორთქლის აღმოჩენის შესახებ.
მონაცემები 2016, 2017 და 2018 წლებში იყო შეგროვებული მონრეალის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ და მიუთითებდა, რომ ეგზოპლანეტა K2-18 b-ის აირებში არის წყლის ორთქლი და ღრუბლები; ეს კი ზედმეტად ამაღელვებელი აღმოჩენაა მათთვის, ვინც არამიწიერი სიცოცხლის ნიშნებს ეძებს. კანადელი მეცნიერების პარალელურად, იმავე დროს, კვლევის იგივე შედეგები გამოაქვეყნა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ჯგუფმაც.
ორივე ჯგუფმა მონაცემები სხვადახვა მეთოდებით დაამუშავა, მაგრამ ორივე მათგანი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივიდა დასკვნამდე, რომ K2-18 b-ის ატმოსფეროში არის წყლის ორთქლი.
შავ ხვრელთა გარშემო შეიძლება უვარსკვლავო პლანეტები მოძრაობენ
კომპიუტერული მოდელის გამოყენებით, 2019 წლის ოქტომბერში მეცნიერებმა განსაზღვრეს, რომ სუპერმასიურ შავ ხვრელთა გარშემო შეიძლება წარმოიქმნას და მის ორბიტაზე იმოძრაოს ნეპტუნის მსგავსი, მაგრამ უვარსკვლავო პლანეტები. ნაცვლად ვარსკვლავის სისტემისა, ეს პლანეტები უნდა სახლობდნენ შავი ხვრელიდან 10-30 სინათლის წლის მანძილზე და წარმოქმნილი იყვნენ შავი ხვრელის ნასუფრალი ყინულისა და მტვრისგან. თავიანთ მოდელზე დაყრდნობით, მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს გაუმაძღარი შავი ხვრელები გარშემო შეიძლება მასპინძლობდნენ ათობით ათას პლანეტას.
ასეა სულ მცირე თეორიულად, მაგრამ ასეთი ეგზოპლანეტების დაფიქსირება წარმოუდგენლად რთული იქნება. მაგალითად, პლანეტების აღმოსაჩენად ასტრონომები ყველაზე ხშირად მიმართავენ ტრანზიტის მეთოდს, ანუ, როდესაც ეგზოპლანეტა დედავარსკვლავსა და ჩვენს შორის ჩაივლის, რაც ამ ვარსკვლავის სინათლეში მცირე ჩაბნელებას იწვევს. იმის გათვალისწინებით, რომ შავი ხვრელი სინათლეს კი არ გამოსცემს, არამედ სანსლავს, ეს მეთოდი ამ შემთხვევაში გამოუსადეგარია. შესაბამისად, მეცნიერები მხოლოდ მოდელებისა და არაპირდაპირი მეთოდების ამარა რჩებიან.
ეგზოპლანეტათა შეჯახება?
ჩვენგან 300 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავურ სისტემა BD +20 307-ში მეცნიერებმა დიდი ოდენობით თბილი მტვერი შენიშნეს; ეს კი მათი განსაკუთრებული აღელვების მიზეზი გახდა, რადგან ასეთი მტვერი შეიძლება სულ ახლახან მომხდარი პლანეტური შეჯახების მტკიცებულება იყოს. პირველი დაკვირვება დაახლოებით ათი წლის წინ ჩატარდა, დადასტურება კი 2019 წლის აპრილში მოხდა.
მეცნიერთათვის ეს ამაღელვებელი შესაძლებლობა წარმოადგენს შანსს, უკეთ შეისწავლონ, თუ რა გავლენას ახდენს ასეთი შეჯახებები პლანეტურ სისტემათა ფორმაციასა და ევოლუციაზე. ასეთი დარტყმები მზის სისტემისთვისაც ნაცნობია, რადგან მიჩნეულია, რომ ჩვენი მთვარეც დედამიწისა და სხვა მოზრდილი პლანეტის შეჯახების შედეგად გაჩნდა.
ეგზოპლანეტების აღმოჩენა და კვლევა თანამედროვე ასტრონომიის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და ამაღელვებელი მიმართულებაა. რასაკვირველია, 2020 წელს კიდევ უფრო ბევრი უცნაური და საოცარი პლანეტის აღმოჩენა გველოდება. 1tv.ge ყოველი ასეთი შემთხვევის დროს ოპერატიულად, დეტალურად გიამბობთ ვრცელი სტატიებით.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით.