რა ხდება, როცა ორი ეგზოპლანეტა ერთმანეთს ეჯახება — ასტრონომები უიშვიათესი მოვლენის მომსწრე გახდნენ
რა ხდება, როცა ორი ეგზოპლანეტა ერთმანეთს ეჯახება — ასტრონომები უიშვიათესი მოვლენის მომსწრე გახდნენ

ორი ეგზოპლანეტის ერთმანეთთან შეჯახების შემდეგ განვითარებული დრამატული მოვლენები მეცნიერებს კვლევის შესანიშნავ შანსს აძლევს. სავარაუდოდ, ჩვენს მზის სისტემაში მომხდარი ასეთი მოვლენის შედგეად გაჩნდა დედამიწის მთვარე.

BD +20 307 სახელით ცნობილი ორმაგი ვარსკვლავური სისტემა ჩვენგან 300 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს; ორივე ვარსკვლავი სულ მცირე მილიარდი წლისაა. ამ საკმაოდ მომწიფებულ სისტემაში შეინიშნება მბრუნავი მტვრის ნარჩენები, რომელიც ჯერ კიდევ თბილია. უცნაური ის არის, რომ ამ ასაკის მქონე ვარსკვლავებთან თბილი მტვერი აღარ უნდა იყოს. შედეგად, ჩნდება მოსაზრება, რომ ეს მტვერი არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა, პლანეტის ზომის სხეულების შეჯახების შედეგად.

ათი წლის წინ, ამ სისტემას აკვირდებოდა რამდენიმე მიწისპირა ტელესკოპი და ნასას სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპი. თბილი მტვერი სწორედ მათ იპოვეს და გაჩნდა ვარაუდი იქ მომხდარი შეჯახების შესახებ. ახლახან, ნასას ინფრაწითელი ასტრონომიის სტრატოსფერულმა ობსერვატორია SOFIA-მ (განთავსებულია Boeing 747 ტიპის თვითმფრინავში, რომელიც დაკვირვებებისთვის სტრატოსფეროში დაფრინავს) დაადგინა, რომ ნარჩენებიდან მომდინარე ინფრაწითელი სიკაშკაშე 10 პროცენტით გაიზარდა; ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ იქ ახლა უფრო მეტი თბილი მტვერია.

შედეგები კიდევ უფრო აძლიერებს მოსაზრებას, რომ კლდოვან ეგზოპლანეტებს შორის შეჯახება იქ არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა. ასეთ შეჯახებებს მთლიანად პლანეტური სისტემის შეცვლა შეუძლია. მიჩნეულია, რომ 4,5 მილიარდი წლის წინ, დედამიწას შეეჯახა მარსის ზომის სხეული, რის შედეგად გაჩენილმა ნარჩენებმაც თანდათანობით მთვარე წარმოქმნა.

მკვლევარ მეგი ტომპსონის განცხადებით, BD +20 307-ის გარშემო შემჩნეული თბილი მტვერი გვიქმნის წარმოდგენას, თუ როგორი შეიძლება იყოს კატასტროფული შეჯახება კლდოვან ეგზოპლანეტებს შორის. ახლა მკვლევართა მიზანია გაარკვიონ, როგორ განვითარდება სისტემა ამ კატასტროფული მოვლენის შემდეგ.

პლანეტა წარმოიქმნება მაშინ, როცა ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო მტვრის ნაწილაკები ერთმანეთს ეწებება და დროთა განმავლობაში იზრდება. პლანეტური სისტემის წარმოქმნის შემდეგ მორჩენილი ნარჩენები ხშირად რჩება შორეულ ცივ რეგიონებში, როგორიც არის კოიპერის სარტყელი მზის სისტემაში, ნეპტუნის ორბიტის გადაღმა.

თბილი მტვრის პოვნას ასტრონომები ახალგაზრდა ვარსკვლავთა გარშემო ვარაუდობენ. ვარსკვლავურ სისტემათა განვითარებასთან ერთად, მტვრის ნაწილაკები შეჯახებას განაგრძობს და მიდის იმ ზომებამდე, რომ ან საერთოდ გაიტყორცნებიან სისტემიდან, ან ვარსკვლავში ვარდებიან. თუმცა, თბილი მტვერი ბებერ ვარსკვლავთა გარშემო, როგორიც ჩვენი მზე და BD +20 307-ია, უკვე დიდი ხნის გაუჩინარებული უნდა იყოს. ვარსკვლავთა გარშემო მტვრის შესწავლა მეცნიერებს ეხმარება არა მხოლოდ ეგზოპლანეტათა სისტემების განვითარების შესწავლაში, არამედ აძლევს უფრო სრულ სურათს ჩვენი მზის სისტემის ისტორიის შესახებაც.

კარნეგის ინსტიტუტის მკვლევრის, ალისია ვაინბერგერის განცხადებით, მართლაც უიშვიათესი შესაძლებლობაა კატასტროფული შეჯახებების შესწავლა პლანეტური სისტემის ისტორიის გვიანდელ ეტაპზე. SOFIA-მ დააფიქსირა მტვრის დისკოში სულ რამდენიმე წელიწადში მომხდარი ცვლილებები.

ინფრაწითელი ასტრონომიის სტრატოსფერული ობსერვატორია SOFIA წარმოადგენს Boeing 747SP-ის ტიპის მოდიფიცირებულ თვითმფრინავს, რომელზეც დამონტაჟებულია 269-სანტიმეტრიანი ტელესკოპი. წარმოადგენს ნასას და გერმანიის აეროკოსმოსური ცენტრის ერთობლივ პროექტს.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.