აქ, დედამიწაზე, მეცნიერები მთელი მსოფლიოდან, გამუდმებით უყურებენ, აკვირდებიან, ზომავენ და ცდილობენ გაარკვიონ თუ რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენ მიღმა, უკიდეგანო სამყაროში.
2017 წელი კოსმოსის მეცნიერებაში მართლაც უკიდურესად ამაღელვებელი იყო. გთავაზობთ გასული წლის რამდენიმე იმ ისტორიას, რომლებმაც მართლაც აღგვაფრთოვანა.
1. ვიხილეთ ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახება
ეს ამბავი სულ რამდენიმე თვის წინ მოხდა. აღმოჩენა იმდენად დაუჯერებელი და ამაღელვებელია, რომ ალბათ მნიშვნელობით ვერაფერი გადააჭარბებს და უკან მხოლოდ შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტის გადაღება თუ მოიტოვებს, როცა ასტრონომები ამას შესძლებენ.
ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახების აღმოჩენაში მეცნიერებს დიდი დახმარება გაუწია გრავიტაციულმა ტალღებმა. ასტრონომებმა ამ პროცესზე ოპტიკური დაკვირვება შესძლეს (და პირდაპირ გაზომეს გრავიტაციის სიჩქარე). აღმოჩენა მართლაც უზარმაზარია. დეტალრ ინფორმაციას შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე გაეცნოთ.
2. გვეწვია ვარსკვლავთშორისი სტუმარი
მზის სისტემაში არსებული ასტეროიდები და კომეტები არავის უკვირს და ასტრონომები მათ გამუდმებითაც აკვირდებიან. მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა მართლაც განსაკუთრებული იყო — პირველად ისტორიაში, მეცნიერები აკვირდებოდნენ რაღაც ისეთს, რომელიც ერთსა და იმავე დროს თითქოს ასტეროიდიც იყო და კომეტაც; იგი ჩვენს მზის სისტემაში დაჰქროდა, მაგრამ მოსული იყო სრულიად სხვა სისტემიდან.
როდესაც მისი შესწავლა დაიწყეს, ობიექტი უფრო გასაოცარი გახდა — გაირკვა, რომ უცნაური ფორმის, წაგრძელებულ ასტეროიდს აქვს ყინულოვანი ბირთვი, ორგანული გარსი და უკვე ასობით მილიონი წელიწადია, რაც კოსმოსში დაჰქრის.
3. ასტრონომებმა ჩვენს გალაქტიკაში უშორესი მანძილი გაზომეს
გალაქტიკის შიგნიდან, სადაცვ ჩვენ ვართ განთავსებული, მართლაც ძალიან ძნელია გაარკვიო თუ როგორ გამოიყურება ირმის ნახტომი გარედან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მართლაც ამაღელვებელი ახალი ამბავი იყო, როცა ასტრონომებმა გალაქტიკის მეორე მხარეს, 66 000 სინათლის წლით მდებარე ვარსკვლავთა ჯგუფამდე მანძილი გაზომეს.
ეს კი თითქმის ორჯერ აღემატება წინა გაზომვის რეკორდს, რომელიც 36 000 სინათლის წელს შეადგენდა.
4. ტაბის ვარსკვლავი კიდევ უფრო იდუმალებით მოცული გახდა
KIC 8462852, ასევე ცნობილი, როგორც ტაბის ვარსკვლავი, აღმოჩენის დღიდან, 2015 წლიდან, მეცნიერთა განსაკუთრებულ მღელვარებას იწვევს.
წელს მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ ეს ვარსკვლავი, რომელსაც ისეთი უცნაური ჩაბნელებები ახასიათებს, რაც აქამდე სხვა არც ერთ ვარსკვლავში არ უნახავთ — უკვე ძალიან დიდი ხანია, ასე იქცევა, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის ამჟად არსებულ ჰიპოთეზებს.
მეცნიერთა გარკვეულ ნაწილს ეჭვი აქვს, რომ ვარსკვლავის უცნაური ჩაბნელებების მიზეზი შეიძლება იყოს მოწინავე არამიწიერი ცივილიზაციის მიერ მის გარშემო აგებული მეგასტრუქტურა.
5. ადამიანები მთვარეზე დაბრუნებას აპირებენ!
ბოლო ადამიანი, რომელმაც მთვარეზე ფეხი დაადგა, იუჯინ სერნანი იყო 1972 წელს. ეს 45 წლის წინ იყო.
მაგრამ მთვარე დიდი ხნით აღარ დარჩება მარტო. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი დირექტივას, რომლის მიხედვითაც, NASA-მ უახლოეს წლებში მთვარეზე ასტრონავტები კვლავ უნდა გაგზავნოს.
6. წინ წავიწიეთ იდუმალი სწრაფი რადიოუმპულსების კვლევაში
სწრაფი რადიოიმპულსები სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე თავსატეხი საიდუმლოებაა. ეს გახლავთ უკიდურესად ძლიერი რადიოსიგნალები, რომლებიც სულ რაღაც მილიწამებს გრძელდება და შეუძლებელია მათი პროგნოზირება, ხშირად კი დაფიქსირებაც.
წელს, ასტრონომებმა პირველად შესძლეს ერთი და იგივე წყაროდან მომდინარე განმეორებადი იმპულსების დაფიქსირება, ამის შემდეგ კი, გაირკვა მათი წარმომავლობის ადგილიც. მართალია, ჯერჯერობით არ ვიცით, თუ რა არის ეს სიგნალები, მაგრამ ახლოს ნამდვილად ვართ.
7. დღე, როდესაც კასინი აღესრულა
13 წლის განმავლობაში, კასინი ციცქნა ხომალდი იყო, რომელიც გარს უვლიდა სატურნს და დედამიწაზე გზავნიდა წარმოუდგენელი ოდენობის მონაცემებს რგოლებიანი პლანეტისა და მისი უცნაური მთვარეების შესახებ. გარდა მონაცემებისა, კასინიმ არაერთი მომაჯადოებელი ფოტოც გამოაგზავნა.
2017 წლის 15 სექტემბერს, მისია დასრულდა, ხომალდი სამარადისოდ ჩაეშვა კასინის სიღრმეში და თავად პლანეტას შეერწყა. აღსასრულის უკანასკნელ წამებამდე, კასინი NASA-სთან კავშირზე იყო და მონაცემებსაც აგზავნიდა.
8. მზეს ნამდვილი ზეიმი ჰქონდა
ჩვენს დედავარსკვლავზე აფეთქებათა მთელი სერია დაფიქსირდა. მათ შორის იყო უდიდესი აფეთქება ბოლო 12 წლის განმავლობაში, იმდენად ძლიერი, რომ დედამიწაზე გარკვეული პრობლემები შეექმნა საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს და ცაზე გამოიწვია საუცხოო ციალი.
აგვისტოში, აშშ- დაფიქსირდა მზის პირველი სრული დაბნელება 1918 წლის შემდეგ.
9. ფარდობითობა კვლავ დამტკიცდა
ას წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც აინშტაინმა თავის ზოგადი ფარდობითობის თეორია გამოაქვეყნა და მეცნიერები დღემდე მრავალ რამეს პოულობენ ისეთს, რაც ამტკიცებს, რომ სახელგანთქმული ფიზიკოსი მართალი იყო.
წელს, ასტროფიზიკოსებმა გამოთვალეს, რომ შავი ხვრელის ორბიტაზე მოძრავი ვარსკვლავის ორბიტის დევიაცია (გადახრა) შესაბამისობაში არ მოდიოდა ნიუტონის თეორიასთან, მაგრამ სრულად ჯდებოდა აინშტაინის თეორიაში.
10. მეცნიერები დააკვირდნენ ბინარულ (ორმაგ) სუპერმასიურ შავ ხვრელს
გრავიტაციულ ტალღათა აღმოჩენის წყალობით, უკვე ვიცით, რომ ბინარული შავი ხვრელები არსებობს, მაგრამ ბინარულ სუპერმასიურ შავ ხვრელთა იდეა მხოლოდ თეორიად რჩებოდა — ამ წლამდე.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს და დააკვირდნენ ორი გალაქტიკის შერწყმის შედეგად მათ ცენტრში წარმოქმნილ ბინარულ სუპერმასიურ შავ ხვრელს.
11. ასტრონომებმა ვარსკვლავი გრავიტაციის გამოყენებით აწონეს
აინშტაინი აღნიშნავდა, რომ ვარსკვლავთა სწორი განლაგების იშვიათობის გამო, ეს შეუძლებელი იყო.
მაგრამ გრავიტაციული ლინზირებისა (რომელსაც აინშტაინი პროგნოზირებდა) და ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის კუთხური რეზოლუციის წყალობით, ასტრონომებმა იპოვეს ვარსკვლავთა მილიონში ერთი ისეთი განლაგება, რამაც პირველად ისტორიაში, ვარსკვლავის აწონვა გრავიტაციის გამოყენებით გახადა შესაძლებელი.
12. გამარჯობა, TRAPPIST-1!
TRAPPIST-1-ის ციებ-ცხელება ახლა უკვე დასრულდა, თუმცა, აღმოჩენიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, ამ ვარსკვლავური სისტემის სახელი ყველას პირზე ეკერა: ულტრა-ცივი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო შვიდი პლანეტა მოძრაობს. როგორც ჩანს, ჩვენი „დობილი მზის სისტემა“ ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია არამიწიერი სიცოცხლის არსებობისთვის.
ამის შემდეგ გაირკვა ისიც, რომ შესაძლოა ეს პლანეტები სულაც არ იყოს სიცოცხლისათვის ხელაყრელი. თუმცა, უკვე ამის შემდეგ მეცნიერებმა კიდევ აღმოაჩინეს რაღაც — მოიცადეთ! შეიძლება ისინი სწორედაც რომ ხელსაყრელი იყოს სიცოცხლისთვის! ამ ეტაპზე, დაზუსტებით არაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ ფაქტი ერთია — ეს სისტემა აქტიური კვლევებისთვის ნამდვილად ღირს!
13. არამიწიერ სიცოცხლეს ჯერ კიდევ ვეძებთ — ყველგან, სამყაროში
TRAPPIST-1 არამიწიერ სიცოცხლეზე ნადირობის ერთადერთი კალათა როდია. აღმოაჩინეს ჩვენგან 40 სინათლის წლის მანძილზე მდებარე პლანეტა LHS 1140b, რომელიც სიცოცხლის არსებობის ერთ-ერთ საუკეთესო, იმედისმომცემ კანდიდატად იქცა.
ნოემბერში, ასტრონომებმა ასევე განაცხადეს როს 128b-ს აღმოჩენის შესახებ. ეს გახლავთ პლანეტა ჩვენგან 11 სინათლის წლის მანძილზე; აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში, ამ პლანეტიდან მომდინარე იდუმალი სიგნალები დააფიქსირეს (შესაძლოა ეს სიგნალები სულაც დედამიწისეული წარმოშობის აღმოჩნდეს).
14. მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპმა გარკვეული ფოტოები გადაიღო
მართალია, შავ ხვრელებს ვერ ვხედავთ, მაგრამ შეიძლება მათ ფოტო გადავუღოთ.
წელს, მეცნიერებმა მთელი მსოფლიოდან, ტელესკოპთა დიდი კოლექტივი ააწყვეს, რომელსაც მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპი უწოდეს — მისი გამოყენებით, შავ ხვრელს ხუთი ღამის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
მათი მიზანი იყო ბოლოსდაბოლოს, პირველად ისტორიაში გაერკვიათ, შეძლებდნენ თუ არა ფოტოს გადაღებას შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტისთვის.
შედეგები ჯერ კიდევ მუშავდება. როგორც ჩანს, მომავალი წლის დასაწყისში რაღაც ძალიან ამაღელვებელს ვიხილავთ.
15. ხელოვნურმა ინტელექტმა ეგზოპლანეტები აღმოაჩინა
სულ რაღაც ორი კვირის წინ, NASA-მ განაცხადა, რომ Google-ის ხელოვნურ ინტელექტით კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემების დამუშავებისას, ჩვენგან 2545 წლის მანძილზე, მზის მსგავს ვარსკვლავ კეპლერ 90-თან აღმოჩენილია რვა პლანეტა.
ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც ეგზოპლანეტები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით აღმოაჩინეს, რაც ასტრონომიაში სრულიად ახალ ეპოქას უდებს საფუძველს.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით