200 ჩოგბურთელი 15 ქვეყნიდან - თბილისში საერთაშორისო ტურნირი დაიწყო #1TVSPORT
თბილისში, ლეილა მესხის საჩოგბურთო აკადემიის კორტებზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა საერთაშორისო ტურნირი Ten-Pro Georgia Cup 2022, რომელიც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის, ლეილა მესხის აკადემიის, თბილისის მერიისა და ა(ა)იპ „ჩოგბურთის“ მხარდაჭერით იმართება.
Ten-Pro Global Tour ახალგაზრდა ნიჭიერი ჩოგბურთელებისთვის (10, 11, 12, 13, 14 და 15 წლამდე) საერთაშორისო ტურნირების სერიაა, რომელიც შედგება 14 საერთაშორისო ჩოგბურთის შეჯიბრისგან და ყოველწლიურად იმართება ევროპაში (საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, გერმანია, ესპანეთი), აშშ-სა და ავსტრალიაში.
ტურნირების სამიზნე ჯგუფია ამბიციური, ნიჭიერი, მსოფლიო დონის ჩოგბურთელები 10-დან 15-წლამდელთა კატეგორიაში. თბილისმა ესტაფეტა პარიზიდან მიიღო, სადაც ანალოგიური ტურნირი 19 აგვისტოს დასრულდა. თბილისში თამაშები 28 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ტურნირი უნიკალური ფორმატით ტარდება – ყველა ჩოგბურთელს შეუძლია ორ ასაკობრივ კატეგორიაში ითამაშოს.