„ლეილა მესხის თასი 2022“ დასრულდა - კმაყოფილი ვართ, რომ შეჯიბრი წარმატებით ჩავატარეთ #1TVSPORT
„ლეილა მესხის თასი 2022“ დასრულდა - კმაყოფილი ვართ, რომ შეჯიბრი წარმატებით ჩავატარეთ #1TVSPORT

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე დასრულდა ITF ტრადიციული ტურნირი „ლეილა მესხის თასი 2022“.

18 წლამდე საერთაშორისო ტურნირი ვაჟთა და გოგონათა შორის „ააიპი ჩოგბურთმა“ თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩაატარა. ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიაში გამართულ შეჯიბრებაში 20 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ერთეულთა და წყვილთა თანრიგში.

ტურნირის ორგანიზატორი, ახლო წარსულში ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ლეილა მესხი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო ტურნირი ქართველ სპორტსმენებს გამოცდილების მიღებაში დაეხმარა. მათ ასევე საშუალება ჰქონდათ, საერთაშორისო რეიტინგში ქულების მოეპოვებინათ.

„ეს ტურნირი ტრადიციულია და ყოველწლიურად ვატარებთ. ეს ITF შეჯიბრებაა და მარტო ჩატარება შეუძლებელია. ამიტომ ვისარგებლებ შემთხვევით და მხარდაჭერისთვის თბილისის მერიას მადლობას გადავუხდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩოგბურთის განვითარებას ეხმარება. ეს ტურნირი კარგი იმით არის, რომ ქართველ ჩოგბურთელებს უკვე 14 წლიდან შეუძლიათ მონაწილეობა, დანახარჯის გარეშე და თავის ქალაქში საერთაშორისო რეიტინგში ქულები მოიპოვონ. წელს განსხვავებული ის იყო, რომ 20 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა და კმაყოფილები ვართ, რომ წარმატებით ჩავატარეთ და დავასრულეთ ეს შეჯიბრი“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საერთაშორისო ტურნირის ორგანიზატორმა ლეილა მესხმა.