20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება
20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება, სადაც მოსამართლე მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებს.

დღევანდელ პროცესზე ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი აპირებს, დააყენოს შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან მისი განცხადებით, პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები წარდგენილი ბრალის შესაბამისი არ არის.

„რაც ბრალდებამ წარმოადგინა მტკიცებულებების სახით, მოწმეების ჩვენები და ის ვიდეომასალა, რაც ვნახეთ, არ გვაძლევს დანაშაულის შემადგენლობას, რა ბრალდებაც აქვს მას წარდგენილი. მაქსიმუმ შეიძლება, ამ შემთხვევაში ვინმემ ისაუბროს რაღაც ადმინისტრაციულ გადაცდომაზე. ამიტომ ჩვენ ვიშუამდგომლებთ, რომ სასამართლომ წინასასამართლო სხდომაზე შეწყვიტოს საქმის წარმოება და არსებით განხილვას არ გადასცეს”, – განაცხადა ადვოკატმა.

იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე ამ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს, ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს და სასამართლოს გირაოს სახით 500 000 ლარს შესთავაზებს.

„თუ ეს შუამდგომლობა არ დაგვიკმაყოფილდება, მაშინ გვაქვს მეორე საკითხი დასაყენებელი, ეს არის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი. აქ, ჩვენ ახალი არსებითი გარემოება ის გვაქვს, რომ დამთავრდა გამოძიება და პროკურატურას ის, რაც არგუმენტად მოჰყავდა, რომ გამოძიება გრძელდება და სხვა პირებთან კავშირი უნდა დავადგინოთ და არ იმოქმედოს მოწმეებზე, ასეთი რამ არ არის. ყოველ შემთხვევაში, დღემდე საქმეში არ არის, რომ ვინმეს რაიმე კავშირი ჰქონდეს ოქრუაშვილთან და მის წინააღმდეგ ჩვენებას იძლეოდეს, გარდა იმ პოლიციელებისა, რომელიც თავიდან იყო და პოლიციელებზე გასაგებია, რომ ამას ვერ იტყვიან, რომ ზემოქმედებას მოახდენს. ვზრდით გირაოს თანხას, ვაათმაგებთ იმასთან შედარებით, რაც პირველ ინსტანციაში გვქონდა წარმოდგენილი და პლუს სასამართლოს ვაძლევთ იმის საშუალებასაც, რომ თუკი გადაწყვეტს, პირადი თავდებობაც გამოიყენოს. 500 000 ლარს შევთავაზებთ სასამართლოს”, – განაცხადა ადვოკატმა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. ამავე საქმეზე კიდევ ორი პირი – გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი არიან დაკავებულები.

ოქრუაშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივარი, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის თაობაზე.

ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში არის მოთავსებული.