თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისში 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესს ბრალდებული და მისი მხარდამჭერები ესწრებიან.

სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. ამასთან, დღესვე იმსჯელებენ პატიმრობის მიზანშეწონილობაზეც.

დაცვის მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს. საწინაამღდეგო მოთხოვნა აქვს პროკურორს, რომელიც აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში უნდა დარჩეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე, პარალელურად, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციას ესწრებოდნენ მისი მხარდამჭერები, აქტივისტები და პოლიტიკოსები.

რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.